კანადელი ფოტოგრაფის ედვარდ ბურტინკის საოცარი ფოტოები, მიურალები და ვიდეორგოლები კიდევ ერთხელ უბიძგებს ადამიანს, დაფიქრდეს, თუ რა გავლენას ახდენს დედამიწაზე და ბუნებასთან მეგობრული თანაცხოვრების გზა აირჩიოს.
გადაცემა „კულტის“ ამ ეპიზოდში „ევრონიუსის“ კორესპონდენტი დეიმონ ემბლინგი ლონდონის სააჩის გალერეის ახალ ფოტოგამოფენას ეწვია, რომელიც ადამიანისა და პლანეტის ურთიერთობაზე აკეთებს აქცენტს.
გამოფენა, სახელწოდებით „ბურტინსკი: მოპოვება და აბსტრაქცია“, არის გარკვეული რეტროსპექტივა, რომლის ფარგლებშიც გამოფენილია 90-ზე მეტი დიდი ზომის ფოტო, კედლის მხატვრობა-მიურალები და აუგმენტური რეალობის ნიმუშები. გამოფენა დოკუმენტურად აჩვენებს, თუ როგორი კვალი დატოვა ადამიანმა ბუნებასა და გარესამყაროზე ოთხ ათეულზე მეტი წლის განმავლობაში თავისი ინდუსტრიული მოღვაწეობით.
ედვარდ ბურტინსკი, ფოტოგრაფი ხელოვანი:
“ჩვენ ყველას მიგვიძღვის წვლილი იმაში, რასაც ფოტოები აჩვენებს, რადგან სწორედ აქ გამოსახული ადგილების დამსახურებით გვაქვს დღეს ყველაფერი, რაც გვჭირდება. მარილის საბადოები გვაძლევს მარილს, სპილენძის საბადოების წყალობით იქმნება ძრავები და სატელეფონო კომუნიკაციისთვის საჭირო კაბელები. ამ გამოფენის მიზანი არ არის დადანაშაულება, მისი მიზანია, ფარდა ახადოს და დაგვანახოს მის უკან მდგარი სამყარო, რომელიც აუცილებელია ჩვენი, ურბანული სამყაროს არსებობისთვის“.
ერთ ნამუშევარში, რომელსაც „პროგრესის ნაკვალევზე“ ჰქვია, წარმოდგენილია ფოტოები და კადრები ფილმიდან, რომელიც ბურტინსკის ხანგრძლივ კარიერას ასახავს. ეს ნამუშევარი გვაიძულებს, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა კვალს ტოვებს კაცობრიობა დედამიწაზე და მოგვიწოდებს, უფრო ეკომეგობრული მიდგომა მოვძებნოთ.
მარკ მეიერი, გამოფენის კურატორი:
“ჩვენ უარი უნდა ვთქვათ საკუთარ პატივმოყვარეობაზე. აღარ უნდა ვთქვათ: ჩვენ და ბუნება. ჩვენ ვართ ბუნება და რაც უფრო მეტად გავიაზრებთ, რომ ბუნების ნაწილი ვართ, მით უკეთ მივხვდებით, რომ ბუნების დაზიანებით უშუალოდ საკუთარ თავს ვაყენებთ ზიანს“.
ლილი უოტერტონი, სააჩის გალერეის გამოფენის პროგრამირების მენეჯერი:
“ჩემი აზრით, ედვარდ ბურტინსკის ნამუშევრები არის სარკე, რომელშიც ჩანს ყველაფერი ის, რის ნახვასაც არ ვართ მიჩვეული და რომლის დანახვაც მაინცდამაინც არ გვსურს. არ გინდა იცოდე, თუ საიდან მოდის შენი ტელეფონის ელემენტი ან ის პლასტმასა, რომელსაც იყენებ და მერე სად მიდის. და მაინც, ეს გამოფენა გაჩვენებს ამ ყველაფერს და გიბიძგებს, რომ იფიქრო, როგორ იცხოვრო გარემოსთან მეტი თანხმობით“.
აქ წარმოდგენილი სხვა ნამუშევრები გვაჩვენებს იმასაც, თუ რა უცნაურად ლამაზი კვალი შეიძლება დატოვოს ინდუსტრიამ გარემოზე. კანადაში გადაღებულ ამ ფოტოზე გამოსახულია ნიკელის მაღაროსგან დარჩენილი თხევადი კვალი.
ედვარდ ბურტინსკი, ფოტოგრაფი ხელოვანი:
“ეს ფორთოხლისფერი ნაკვალევი, რომელსაც ხედავთ, რეალურად რკინის ჟანგის მდინარეა. ისინი არ იღებენ რკინას, ამიტომ ის ჟანგის მდინარესავით რჩება და ასეთი წარმოუდგენლად კაშკაშა ფორთოხლისფერი ხდება. მთლიანობაში ეს მშვენიერი სანახაობა, რომელიც მდინარეს ჰგავს, საკმაოდ დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს“.
გამოფენა, სახელწოდებით „ბურტინსკი: მოპოვება და აბსტრაქცია“, ლონდონის სააჩის გალერეაში 6 მაისამდე გაგრძელდება.
ავტორი: დეიმონ ემბლინგი