მთავარიგადაცემებითვითმხილველიროგორია ცხოვრება ფინეთ-რუსეთის ჩაკეტილ საზღვართან

როგორია ცხოვრება ფინეთ-რუსეთის ჩაკეტილ საზღვართან

ფინეთი ბრალს სდებს კრემლს, რომ ის ხელს უწყობს ემიგრანტებს ფინეთის საზღვრის უკანონო კვეთაში

გასული წლის შემოდგომაზე ფინეთის მთავრობამ  რუსეთთან 1400-კილომეტრიან სახმელეთო საზღვარზე  ყველა გამშვები პუნქტი ჩაკეტა და მათ გახსნას სულ მცირე აპრილის შუა რიცხვებამდე არ აპირებს.

ფინეთის მთავრობამ მიზეზად ეროვნული უსაფრთხოება დაასახელა. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები არ მიესალმნენ ამ ნაბიჯს, რადგან თვლიან, რომ ამის გამო თავშესაფრის  ასობით მაძიებლის სიცოცხლე საფრთხეშია. „ევრონიუსის“ კორესპონდენტი ხულიან ლოპესი საკამათო  საზღვრისპირა რეგიონში ჩავიდა, რათა საკუთარი თვალით ენახა ვითარება და ყველა შესაძლო მოსაზრება მოესმინა.

ფინეთის მთავრობა რუსეთს არალეგალური მიგრანტების ფინეთისკენ გადამისამართებაში სდებს ბრალს და ამბობს, რომ რუსეთი მიგრანტებს ეხმარება ფულით, საკვებით, ბინითა და ტრანსპორტითაც, რასაც ფინეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ შეტევად აფასებენ. ფინეთი, რომელიც ახლახან ნატოს წევრი ქვეყანა გახდა, მწვავედ უპირისპირდებოდა რუსეთის უკრაინაში შეჭრას.

რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.

ფინეთ-რუსეთის საზღვარი – Euronews

„ეროვნული უსაფრთხოების რისკი“

ფინეთში კი ირწმუნებიან, რომ გასული წლის ნოემბერში მისი აღმოსავლეთი საზღვარი 500-მა მიგრანტმა გადმოკვეთა არალეგალურად, არადა, მანამდე თვეში საშუალოდ 30 არალეგალური საზღვრის კვეთა აღირიცხებოდა. ამიტომ მიგრანტების ახალ ნაკადს ფინეთის მთავრობამ ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის მიმართ სერიოზული საფრთხე უწოდა. ახლადჩასული მიგრანტებიდან ბევრი ამჟამად ახლომახლო სოფელს აფარებს თავს, სანამ მათი თავშესაფრის მოთხოვნები განხილვის პროცესშია.

თავშესაფრის მსურველთა მიმღები ცენტრი რუსეთთან საზღვრიდან 10 კილომეტრითაც კი არ არის დაშორებული. აქ ამჟამად ასი კაცი ცხოვრობს, აქაურმა მთავრობამ არც ამ თავშესაფარში შესვლის ნება მომცა და არც ინტერვიუზე დამთანხმდა. თუმცა მის მობინადრეთაგან ზოგიერთმა გადაწყვიტა, თავისი ამბავი მოეთხრო.

„აქ ჩამოსვლა ძალიან მარტივია“

ბევრი ღიად ადასტურებს, რომ მათ გადასვლას რუსეთმა შეუწყო ხელი. მაგალითად  თავშესაფრის მაძიებელი ნაბილი მაროკოდან ტურისტული ვიზით ჩავიდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, იქიდან კი –   მოსკოვში.

„ამის მერე მატარებლით ჩავედი სანქტ-პეტერბურგში, სადაც ჰოსტელში დავბინავდი. 2 თუ 3 დღე გავჩერდი და შემდეგ ქალაქ ვიბორგში გადავედი, სადაც ვიყიდე ველოსიპედი და ჩამოვედი ფინეთში. რუსეთის პოლიცია და არმია დაგვეხმარნენ. ეს ჩვენთვის ხელსაყრელია, რადგან ასე ძალიან მარტივად ჩამოვედით“, – ამბობს ნაბილი.

სანამ მათ თხოვნას განიხილავენ, თავშესაფრის მაძიებლებს აქვთ ბინა,  საკვები, მიეწოდებათ იურიდიული კონსულტაცია და დადიან ფინურის შემსწავლელ კურსებზე. თავშესაფრის მაძიებლის გაგდება არ შეიძლება, სანამ მათი მოთხოვნა განხილვის პროცესშია. ამას კი შესაძლოა 2 წელი დასჭირდეს. რუსეთში გაბრუნების ფაქტი არ აღნუსხულა.

მე ფინეთის მესაზღვრეთა შტაბში მივედი. ამ ქვეყნის საზღვაო და საჰაერო სივრცე ისევ გახსნილია. თუმცა გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რუსეთთან სახმელეთო საზღვართან დაკავშირებით ფინეთს, ფაქტობრივად, არჩევანი აღარ ჰქონდა, ამბობს მარეკ საარექსი, ფინეთის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის  მეთაურის თანაშემწე.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ სანქტ-პეტერბურგში ათასობით ადამიანია, რომლებიც შესაძლოა იმავე გზით ჩამოვიდნენ ფინეთში,“ – ამბობს იგი. „ჩვენ ვიცით, რომ უნდა გავხსნათ საზღვრები, ზოგიერთი პუნქტი მაინც, რადგან ეს ვითარება სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. მაგრამ, ამავდროულად, ცვლილებები შეგვაქვს ჩვენს კანონმდებლობაში, რათა უკეთ ვიყოთ მზად იმ შემთხვევაში, თუ ეს მდგომარეობა განმეორდება“.

საზღვრის დახურვა და სასაზღვრო კედლის აშენება არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააპროტესტეს.

„მათ სურთ ქვეყანაში ცხოვრების უფლების ვადის შემცირება, მოქალაქეობისა და მუდმივის ცხოვრების უფლების მიღების გართულება. იმის გამო, რომ არ შეგიძლია საკუთარი ოჯახის ჩამოყვანა, კიდევ უფრო რთულდება ოჯახის ინტეგრაცია. ჩვენ გვაქვს ადამიანის უფლებები, რომლებიც თითოეულ ადამიანზე ვრცელდება და მთავრობა ვალდებულია, პატივი სცეს ამ უფლებებს“, გვითხრა Amnesty Finland-ის იურიდიულმა მრჩეველმა პარგოლ მირაფტაბმა.

ფინურ-რუსული ასოციაციის წევრებმა, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ რუსულიც და ფინურიც საზღვრის დახურვის წინააღმდეგ სამართლებრივი ნაბიჯები გადადგეს.

როსტისლავ ვლადიმირსკი, ფინეთისა და რუსეთის მოქალაქე – Euronews

ფინელების 80% ეთანხმება საზღვრის ჩაკეტვას

და მაინც, როგორც ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, ფინელთა 80 პროცენტი ეთანხმება საზღვრის დაკეტვას. ზოგიერთი მათგანი ჩივის, რომ დაგვიანებული რეაქციის გამო ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში არალეგალურად ერთი მილიონი მიგრანტი შევიდა.

მართალია, საზღვრის დაკეტვა სამთავრობო პროგრამის ნაწილი არ არის, მაგრამ ეს ქვეყნის საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

მთავრობამ, კონსერვატორებისა და უკიდურესი მემარჯვენეების ხელმძღვანელობით, წარმოადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა განახევრდეს თავშესაფრის მაძიებელთა კვოტა და შეიზღუდოს მათი დაცვა, ასევე შეიზღუდოს ოჯახის წევრების გაერთიანება და რეპატრიაციის მიზნით დანიშნული ჩარტერული ფრენები სხვა სკანდინავიურ ქვეყნებთან.

საზღვარი სულ მცირე აპრილის შუა რიცხვებამდე იქნება ჩაკეტილი. ფინეთის ხელისუფლებამ ყველას შეახსენა, რომ საზღვრის უკანონო კვეთა ისჯება ჯარიმით ან ერთწლიანი პატიმრობით. ეს დარღვევა არ ისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეჭვმიტანილი საერთაშორისო დონეზე დაცვას ითხოვს.

ავტორი: ხულიან გომესი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend