მთავარიევროპასერბეთისერბეთში საპროტესტო აქციები გრძელდება

სერბეთში საპროტესტო აქციები გრძელდება

უკვე მესამე დღეა ოპოზიციის ლიდერები და მომიტინგეები ბელგრადის ქუჩებში აქციებს მართავენ და აპროტესტებენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. ისინი თვლიან, რომ ქვეყნის პოპულისტმა ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა.

ქუჩაში მომიტინგეთა რიცხვი იზრდება, მათ შორის არიან სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები.

„ეს პროტესტი უფრო დიდის დასაწყისია, ასე რომ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ იმ მიზნებს, რის გამოც ვართ აქ”, – თქვა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა მარინიკა ტეფიჩმა.

„ეს არის ჩვენი ხალხის სირცხვილი, ჩვენ მოგვატყუეს, სწორედ ამიტომ არ უნდა შევხვდეთ მშვიდად ამ ამბავს, რადგან მე ვარ სტუდენტი და მინდა, რომ ხვალ გავიღვიძო მშვიდობიან ქვეყანაში”,- თქვა სტუდენტმა დანიცა სამარძიცმა.

საპარლამენტო არჩევნები სერბეთში 17 დეკემბერს გაიმართა და სერბეთის პროგრესულმა პარტიამ მოიპოვა ხმების 47%.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ ხმის მიცემა ჩატარდა უსამართლო პირობებში, მრავალჯერადი დარღვევებითა და ხმების მოსყიდვით.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი ამბობენ, რომ არჩევნებში ხმების მოგროვების მიზნით ამომრჩევლები ბოსნია-ჰერცეგოვინიდან ბელგრადში ხმის მისაცემად ავტობუსებით წაიყვანეს და 40 000 ხმა მიითვალეს.

ამ ბრალდებებს უარყოფს თავად მმართველი პარტია და პრეზიდენტი ვუჩიჩი. ის ამტკიცებს, რომ არჩევნები სამართლიანი იყო. ვუჩიჩმა ასევე მოუწოდა საზოგადოებას, არ ინერვიულონ, რადგან მშვიდობა, კანონი და წესრიგი გაიმარჯვებს.

ალექსანდარ ვუჩიჩი 2012 წლიდან არის ხელისუფლებაში. სწორედ მისი მმართველობის პერიოდში სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, თუმცა არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია საუბრობს ქვეყანაში მნიშვნელოვან დემოკრატიულ უკუსვლაზე. სწორედ ამ ფაქტების გამო ალექსანდარ ვუჩიჩს არ მიუღია გულმხურვალე მილოცვები ევროპელი ლიდერებისგან, თუმცა მას გამარჯვება მიულოცა კრემლმა და ასევე ევროპაში მისმა მთავარმა მოკავშირემ, უნგრეთის პრემიერ მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend