მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONევროკავშირი მიგრაციის პოლიტიკის რეფორმის მთავარ შეთანხმებას აფორმებს

ევროკავშირი მიგრაციის პოლიტიკის რეფორმის მთავარ შეთანხმებას აფორმებს

ევროკავშირში მრავალწლიანი პოლიტიკური უთანხმოება დასრულდა. ბლოკის ლიდერები მიგრაციისა და თავშესაფრის ძიების პროცესების მართვის შესახებ ცვლილებებზე შეთანხმდნენ.

მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ახალი შეთანხმება გულისხმობს ყოვლისმომცველ საკანონმდებლო პროექტს, რომელიც მიგრაციის შიდა განზომილების მართვას ისახავს მიზნად. ევროკავშირის ლიდერები მიღწეულ შეთანხმებას ისტორიულს უწოდებენ.

რობერტა მეცოლა, ევროპარლამენტის თავმჯდომარე: “ეს ნამდვილად ისტორიული დღეა. ჩემ გვერდით არიან ჩემი კოლეგები, რომლებმაც ღამეები გაათენეს ამ მომენტისთვის. მე ხმელთაშუა ზღვის კუნძულიდან ვარ, ამიტომ ძალიან კარგად მესმის, თუ რას ნიშნავს, როდესაც ვამბობ, რომ როგორც იქნა მივიღეთ მიგრაციისა და თავშესაფრის პაქტი. ეს ალბათ ამ მანდატის ყველაზე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო შეთანხმებაა. ეს საკითხი ჩვენი მოქალაქეების ნომერ პირველი საზრუნავი გახლდათ 2019 წელს და კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება უამრავი ადამიანისთვის. ეს არის შეთანხმება, რომელსაც 10 წელზე მეტი ველოდით”.


მარგარიტის შინასი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: “ვნერგავთ სავალდებულო სკრინინგის პროცესს ყველა საზღვარზე. ამის შემდეგ, ყველა პირს, რომელიც მიიღებს თავშესაფარს, მოუწევს გაიაროს სავალდებულო დაჩქარებული სასაზღვრო პროცედურები, რათა გამარტივებული წესით დაბრუნდნენ უკან ის პირები, რომელთაც არ აქვთ ევროკავშირის მფარველობის ქვეშ ყოფნის სამართლებრივი საფუძველი. ეს სისტემა შექმნის უპრობლემო პროცედურას ჩვენს გარე საზღვრებზე, რაც უზრუნველყოფს ადამიანების სწრაფად გადამისამართებას შესაბამის ეტაპზე, ნებისმიერ დროს”.

ამ ნახტომის წყალობით, ბლოკს შეეძლება დანერგოს ხუთი ურთიერთდაკავშირებული რეგულაცია, რომელიც ხელახლა განსაზღვრავს ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად ჩასული მიგრანტების მართვისა და გადაადგილების წესებს:

  1. სკრინინგის რეგულაცია – ითვალისწინებს თავშესაფრის მაძიებლის პროფილის სწრაფად შემოწმებას ძირითადი ინფორმაციის შეგროვების მიზნით, როგორებიცაა: ეროვნება, ასაკი, თითის ანაბეჭდები და სახის გამოსახულება.
  1. განახლებული მონაცემთა ბაზის რეგულაცია (Eurodac) – შეინახავს სკრინინგის პროცესში შეგროვებულ ბიომეტრიულ ინფორმაციას, რათა თავიდან აიცილოს თითო აპლიკანტზე ერთზე მეტი განაცხადის მიღება.
  1. თავშესაფრის პროცედურების რეგულაცია (APR) – თავშესაფრის მაძიებელთათვის შედგება ორი შესაძლო პროცედურა: სწრაფი სასაზღვრო პროცედურა მიგრანტებისთვის, რომლებიც აღიარების დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებიდან ჩამოდიან და მაქსიმუმ 12 კვირა გაგრძელდება; ტრადიციული პროცედურა, რომელსაც შესაძლოა თვეები დასჭირდეს.
  1. თავშესაფრისა და მიგრაციის მართვის რეგულაცია (AMMR) – ადგენს “სავალდებულო სოლიდარობის სისტემას”, რომელიც იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ ერთი ან მეტი წევრი ქვეყანა მოხვდება “მიგრაციული ზეწოლის ქვეშ”. სისტემა წევრ ქვეყნებს დახმარების სამ ვარიანტს შესთავაზებს: თავად მიიღონ თავშესაფრის მაძიებელთა გარკვეული რაოდენობა, გადაიხადონ თანხა თითოეული აპლიკანტისთვის, რომლის მიღებაზეც უარს განაცხადებენ, ან დააფინანსონ ოპერაციული მხარდაჭერა.
  1. კრიზისის რეგულაცია – ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც მიგრანტების დიდი ტალღის გამო ბლოკის თავშესაფრის ძიების სისტემა საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს, როგორებიცაა: 2015-2016 წლის მიგრანტთა კრიზისი, კოვიდ-პანდემიის შედეგად გამოწვეული მასობრივი გადაადგილება და ა.შ. მსგავს შემთხვევებში ქვეყნებს ექნებათ უფლება გაამკაცრონ მიგრანტების მიღების წესები და გაახანგრძლივონ დაკავების ვადები.

მომხრეების აზრით, ახალი ცვლილებები შეამსუბუქებს წნეხს იმ ქვეყნებზე, რომლებსაც მიგრანტების განსაკუთრებულად დიდ რაოდენობასთან უწევთ გამკლავება, როგორებიცაა: სამხრეთ ევროპის ქვეყნები, იტალია, საბერძნეთი და ესპანეთი. თუმცა შეთანხმებას კრიტიკული შეფასებები მოჰყვა მიგრანტებთან მომუშავე ორგანიზაციების მხრიდან.

“ამნესტი ინტერნეიშენალის” ევროპული ინსტიტუტების ოფისის დირექტორი ივ გედი აცხადებს, რომ ეს შეთანხმება თავშესაფრის შესახებ ევროპულ კანონს ათწლეულებით უკან დაწევს. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებლები ამ პროცესის ყოველ ნაბიჯზე დაიტანჯებიან.

ორგანიზაციის თქმით, თითქმის უდავოა, რომ შეთანხმება გამოიწვევს ევროკავშირის საზღვრებთან დე ფაქტო დაკავების ცენტრებში მეტი ადამიანის, მათ შორის მთელი ოჯახებისა და ბავშვების დაკავებას.

ბლოკის ძველმა წესებმა კოლაფსი განიცადა 2015 წელს, როდესაც ევროპაში უკანონოდ მილიონზე მეტი ადამიანი ჩავიდა. მათი დიდი ნაწილი ერაყიდან ან სირიიდან ომს გაურბოდა. ამ დროს კი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ვერ თანხმდებოდნენ იმაზე, თუ რომელ სახელმწიფოს უნდა აეღო პასუხისმგებლობა მიგრანტებზე და უნდა დაკისრებოდათ თუ არა დანარჩენ ქვეყნებს დახმარების პასუხისმგებლობა.

ახალი შეთანხმება ისახავს მიზნად მკაფიო ნორმების ჩამოყალიბებას, რომელიც გეოგრაფიული მდებარეობისა თუ ეკონომიკური წონისდა მიუხედავად, ყველა წევრ ქვეყანას თანაბრად ავალდებულებს, მიიღოს მონაწილეობა მიგრანტების მართვაში.

ეს შეთანხმება გზას უხსნის საბოლოო ხელშეკრულებას, რომელიც ივნისში ევროკავშირის არჩევნებზე უნდა დამტკიცდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend