სერბეთის დედაქალაქ ბელგრადის ქუჩებში ოპოზიციის მხარდასაჭერად და არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით რამდენიმე ათასი მოქალაქე გამოვიდა.
აქციის მონაწილეებს ოპოზიციის წევრებიც შეუერთდნენ. ხალხის აზრით, არჩევნები უსამართლო პირობებში ჩატარდა. ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, რის შედეგადაც სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის პარტია გახდა გამარჯვებული.
პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ მისმა პარტიამ სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა ოპოზიცია დარღვევებზე საუბრობს და შედეგებს არ აღიარებს.https://t.co/sfktLiNewi
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) December 18, 2023
კვირას გამართული საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების გამო სერბეთში პოლიტიკური დაძაბულობა სულ უფრო მეტად მწვავდება.
,,მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ არ გვაქვს ჯანსაღი და თანაბარი საარჩევნო გარემო. დაწინაურებული პირები და პარტიები ძალიან ბევრი პრივილეგიით სარგებლობენ, სწორედ ამის ხარჯზე შეუძლიათ არჩევნების მოგება. ასევე ვფიქრობთ, რომ მედიას უფრო მეტი დამოუკიდებლობა და თავისუფლება უნდა ჰქონდეს’’,-ამბობს ვლადიმირ ბილჩიკი, ევროპარლამენტარი.
ხმების წინასწარი დათვლის შედეგად დადასტურდა, რომ მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. მათ ხმების 47% მიიღეს და 250-წევრიან ეროვნულ ასამბლეაში 130-ზე მეტ ადგილს დაიკავებენ.
ხმათა 23% მიიღო მთავარმა ოპოზიციურმა კოალიციამ „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ. მათ ხმების გაყალბების მტკიცებულებები წარადგინეს. ისინი გააგრძელებენ შიმშილობას მანამ, სანამ არჩევნების შედეგები არ გაუქმდება.
,,დღეს რაც ხდება, ჩვენი ხალხის უდიდესი შეურაცხყოფაა. გვსურს, რომ ყველაფერი გაკეთდეს იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც ამჟამად ჩვენ ქვეყანას ყველაზე მეტად აწუხებს. როცა პრეზიდენტის გამოსვლას ვუსმენდი, ვხვდებოდი, რა სისულელეებს ამბობდა. ჩვენ არ უნდა გავჩუმდეთ. პროტესტის ხმა მთელ მსოფლიოს უნდა მისწვდეს’’, – ამბობს დანიკა სამარძიჩი, სტუდენტი.
არჩევნებზე დარღვევები გამოავლინეს სერბეთის არჩევნების დამკვირვებლებმა და დამოუკიდებელმა მედიებმაც.
თავად ალექსანდრ ვუჩიჩმა, რომელიც სერბეთის ხელისუფლებაში 2012 წლიდანაა, უარყო თავისი პარტიის მიმართ წაყენებული ბრალდებები. სწორედ ვუჩიჩის დროს გახდა სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, თუმცა მას ოპოზიცია დღემდე ადანაშაულებს ქვეყანაში არსებული კორუფციისა და უსამართლო მმართველობის გამო.