თბილისში, ლისის ტბასთან, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები დილიდან შეიკრიბნენ. მათ მალევე შეუერთდნენ მოქმედი და ყოფილი სამხედროებიც.
დაჭრილ და დაშავებულ მებრძოლთა საქველმოქმედო მარათონი სამხედრო ატაშეთა ასოციაციის მიერ პირველად დაიგეგმა და ამ სპორტულ აქტივობას მხარს საქართველოს თავდაცვის ძალები უჭერენ.
საქველმოქმედო მარათონში მონაწილეებმა დაჭრილი და დაშავებული მებრძოლებისთვის შეაგროვეს თანხა, რომელიც კომპანია „სილქნეტის“ მიერ 2018 წელს დაფუძნებულ “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში” ჩაირიცხება.
მარათონის ორგანიზატორების – სამხედრო ატაშეების შეფასებით, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველოში არსებობს ისეთი ფონდი, რომელიც სხვადასხვა კონფლიქტის დროს სამშობლოსთვის თავგანწირულ და დაშავებულ მებრძოლებზე ზრუნავს.
„დაჭრილ მებრძოლთა ფონდი ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც შეიარაღებული ძალები ჰყავს. განსაკუთრებით ისეთი სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა. ფონდი ძალიან მნიშნვნელოვან საქმეს აკეთებს. მას ყოველწლიურად მრავალი ღონისძიება აქვს. ფონდი საქველმოქმედო მიზნებისთვის თანხას იძიებს და ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს“, – აღნიშნა საქართელოში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა რეთ კრისთენსენმა.
მარათონში სამხედრო ატაშეებთან ერთად მათი ოჯახის წევრები, საქართველო თავდაცვის ძალების მოქმედი სერჟანტები და ოფიცრებიც ჩაერთნენ.
მონაწილეთა რაოდენობა მარათონის მსვლელობის დროსაც იზრდებოდა. საქველმოქმედო სპორტული აქტივობა განსაკუთრებით ემოციური დაშავებული მებრძოლებისთვის იყო.
მარათონი დასრულების შემდეგ კი საუკეთესო მონაწილეები გამოვლინდნენ. ყველამ კიდევ ერთხელ გამოუცხადა თანადომა დაჭრილ და დაშავებულ მებრძოლებს, რომლებიც თავიანთი ქვეყნისთვის თავდადებით იბრძოდნენ და ჯანმრთელობაც შესწირეს.