ისლანდიის მთავრობამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ასახულია რეიკიანესის ნახევარკუნძულის ქვეშ არსებული ვულკანით გამოწვეული შედეგები. დაზიანებულია გზები და შენობები.
მოსახლეობა გრინდავიკიდან გასულ კვირას გაიყვანეს, რადგან ნიადაგის ქვეშ გაჟღენთილი იყო მაგმა, რომელმაც სერიოზული ზიანი გამოიწვია. მთელ დასახლებაში გაჩნდა ბზარები, გარკვეულ ადგილებში მიწის ზედაპირი ერთი მეტრის სიმაღლეზეც კი აიწია.
ისლანდიის პრემიერ-მინისტრი კატრინ იაკობსდოუტირი ამბობს, რომ გასულ კვირას გრინდავიკიდან ხალხის ევაკუაციის გარდა, სხვა ზომებიც გატარდა.
მთავრობა ცდილობს, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ თავისი ქონება და ძვირფასეულობა შეძლებისდაგვარად გადაარჩინოს, თუმცა, მისი თქმით, ეს პრობლემური საკითხია, რადგან ეს ადგილი საშიშროების ზონად მიიჩნევა. ასევე კატრინ იოკობსდოუტერმა განაცხადა, რომ მათ წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც მომდევნო 3 თვის განმავლობაში გრინდავიკის მცხოვრებლებისთვის ხელფასების გადახდას ითვალისწინებს.
ისლანდიის მეტეოროლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ დიდი ალბათობით ვულკანი ე.წ. მაგმის 15-კილომეტრიანი გვირაბის გასწვრივ, სავარაუდოდ, გრინდავიკის ჩრდილოეთით, ჰაგაფელის მთასთან ამოიფრქვევა.
სამოქალაქო დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ ვულკანი რომც არ ამოიფრქვეს, თვეები დასჭირდება, სანამ ადგილობრივები შეძლებენ იქ დაბრუნებას.
გრინდავიკი, რომლის მოსახლეობა 3400 ადამიანს შეადგენს, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე დედაქალაქ რეიკავიკიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. დასახლებასთან ახლოსაა ასევე ისლანდიის კებლავიკის საერთაშორისო აეროპორტი.
ვულკანის ამოფრქვევის საფრთხის გამო ნოემბრის ბოლომდე ასევე მუშაობა შეაჩერა Blue Lagoon-ის გეოთერმულის წყლების კურორტმა, რომელიც ისლანდიის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ადგილია.