თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 476 მილიონი ევროს ეკვივალენტი თანხა გამოიყოფა, რითაც 212 ერთეული თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონების შესყიდვა მოხდება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, თბილისის მეტროს ვაგონების შემადგენლობა საბჭოთა პერიოდისაა და მათი შეცვლა პირველად მოხდება.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან მისი თქმით, ამ პროექტს ხელი სწორედ პრემიერმა მოაწერა.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს ჩვენი ქალაქისთვის. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, გადაწყვეტილებით, თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 476 მილიონი ევროს ეკვივალენტი თანხა გამოიყოფა, რითაც 212 ერთეული თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონების შესყიდვა მოხდება. თბილისის მეტრო განახლებას საჭიროებს. თქვენ იცით, რამხელა სამუშაო ჩატარდა წლების წინ ჩემი მერობის პერიოდში. ჩვენ მთლიანად შევცვალეთ არსებული ძალოვანი კაბელები, რომლებიც დაახლოებით 450 კილომეტრი სიგრძის იყო მთლიანობაში, რაც უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასევე გამნიავებელი სისტემები მთლიანად განვაახლეთ. ახალი აგრეგატები დაყენდა გვირაბებში. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გრძელდება. პირველ ეტაპზე რამდენიმე დღეში უკვე გამოცხადდება ბაზრის კვლევა და ამის შემდეგ უკვე გამოვაცხადებთ ტენდერს და დავიწყებთ აღნიშნული ვაგონების შესყიდვას”,- განაცხადა კახა კალაძემ.