მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSგაეროში გამართულ მორიგ სხდომაზე რუსეთ-უკრაინის ომზე იმსჯელეს

გაეროში გამართულ მორიგ სხდომაზე რუსეთ-უკრაინის ომზე იმსჯელეს

რუსეთის ომი უკრაინაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხდომის მორიგი განსახილველი საკითხი იყო
გაეროს მაღალჩინოსანმა, ომის მონაწილე მხარეებმა და შეერთებული შტატების წარმომადგენელმა, არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ მიროსლავ იენჩამ შემაშფოთებელ სტატისტიკასა და საომარი მოქმედებების ზონაში არსებულ მძიმე ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

„რადგან ეს ომი გრძელდება და მისი დასრულების სავარაუდო დროც არ ვიცით, ვაგრძელებთ მონიტორინგის პროცესს. შეშფოთებულები ვართ უკრაინის მოსახლეობის განუწყვეტელი ხოცვისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის უწყვეტი ნგრევით. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მონაცემებით, გასული წლის თებერვლიდან დღემდე თითქმის 10 000 მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო 18 000-ზე მეტი მძიმედ დაშავდა ამ ომის შედეგად. ეს ოფიციალური რიცხვებია, რეალური მაჩვენებლები კი უფრო მეტი იქნება. ბევრი ცნობა ჯერ კიდევ არ არის შეგროვებული იმ დასახლებებიდან, სადაც უშუალოდ ამ დრომდე მიმდინარეობს საომარი მოქმედებები. უკრაინის რეგიონები – ხარკივი, ხერსონი, ზაპოროჟიე, სუმიჩერკასი, დონეცკი და ლუგანსკი, კვლავ სასტიკი დაბომბვის ქვეშ რჩება. შემაშფოთებელია ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები, რაც მშვიდობიან მოსახლეობას ცივი ზამთრის დადგომის ფონზე, კიდევ უფრო დაუცველს ტოვებს. ამ წლის პირველ ნოემბერს კი უკრაინამ მასშტაბური შეტევა განიცადა. 24 საათის განმავლობაში უკრაინის 10 რეგიონში 118 დასახლება გახდა დაბომბვის სამიზნე, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. ჩვენ ყველა სახელმწიფოს მოვუწოდებთ, შეასრულონ გაეროს წესდებით დასაცავი ნორმები. ეს დამანგრეველი ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს“,- განაცხადა მიროსლავ იენჩიმ.

უკრაინის შეიარაღებასა და კონტრშეტევებში დასავლეთს კვლავ ადანაშაულებს გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი ვასილი ნებენზია

„უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებს მასიურად უტევენ. ამას კი ისინი დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღით აკეთებენ. ჰაიმარსის რაკეტებით, როგორც ქარიშხალი, ისე უტევენ სამოქალაქო ობიექტებს. შენობების გარდა, რაკეტები ასევე ხვდება ხალხით სავსე ავტობუსებს. აქ წარმოვადგინე ასეთი შემთხვევებისას დონბასში გადაღებული რამდენიმე ფოტო“,- განაცხადა ვასილი ნებენზია.

გაეროს სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ უკრაინისა და მისი პარტნიორი შეერთებული შტატების წარმომადგენლებიც. მათ რუსეთის ფედერაცია სასტიკი ომის სასტიკ მეთოდებში დაადანაშაულეს.

„მოგახსენებთ, რომ ჩვენი ტერიტორიების და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვები გრძელდება. ცოტა ხნის წინ, უკრაინის ოკუპირებულ ქალაქ დონეცკში, სადაც ეგრეთ წოდებული ვლადიმერ ჟოგას უპილოტო სისტემების რესპუბლიკური ცენტრი მდებარეობს, მაღალი სიზუსტის დარტყმით შევძელით მისი განადგურება. ამ სამხედრო ცენტრს, ოკუპანტები კამიკაძე დრონების წარმოებისათვის და სხვა სამხედრო სასწავლო ღონისძიებებისათვის იყენებდნენ“, – განაცხადა უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში სერჰი დვორნიკიმ.

აშშ-ის ალტერნატიულმა წარმომადგენელმა გაეროში რობერტ ა. ვუდიმ რუსეთის ფედერაციას სრულად დააკისრა პასუხისმგებლობა უკრაინაში წარმოებული ომის შედეგებზე.

„რაც არ უნდა ეცადოს, რუსეთი ვერ გაექცევა იმ ფაქტს, რომ მას ეკისრება საბოლოო და მთავარი პასუხისმგებლობა მის მიერვე წამოწყებული ომის შედეგებზე. სამწუხაროა ამდენი მსხვერპლი, რაც შესაძლებელი იყო რომ არ მომხდარიყო“, – განაცხადა რობერტ ა. ვუდიმ .

უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომზე სამსჯელოდ გაეროში პერიოდულად იკრიბებიან სახელმწიფოების წარმომადგენლები.

ღია სხდომის გარდა მხარეები დახურულ კარს მიღმა ფორმატშიც ხვდებიან, შეხვედრის დეტალებზე არავინ საუბრობს. ომი კი გრძელდება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend