გრემის გამარჯვებულები და ახალბედა ხელოვანები იკრიბებიან, რათა ერთად აღნიშნონ ჯაზის ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი ბაქოში.
ბაქოს ყოველწლიური საერთაშორისო ჯაზის ფესტივალი წელს აზერბაიჯანის დედაქალაქში 6-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა. რიგით მეთვრამეტე ფესტივალს 19 მუსიკოსი დაესწრო, მათ შორის გრემის გამარჯვებულებიც იყვნენ. ფესტივალის პროგრამაში მუსიკალური ნაწარმოების შესრულების გარდა, შედიოდა ლექციები, დაჯილდოების ცერემონიები, გამოფენა და ღვინის დეგუსტაცია.
ეს ფესტივალი 2005 წლიდან ტარდება და მას ადგილობრივებიც და დედაქალაქის სტუმრებიც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფესტივალად მიიჩნევენ.
წლევანდელი ფესტივალი ხუთ სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავდა. მას უამრავი სტუმარი დაესწრო. ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი იყო მხატვარ ელდარ გურბანოვის გამოფენა. იგი ერთ-ერთია იმ რამდენიმე მხატვარს შორის აზერბაიჯანში, რომლებიც პრიმიტივიზმის სტილში ხატავენ. ნახატმა „ჯაზის ფერები“ დიდი დისკუსია გამოიწვია და ხელოვნების მრავალი მოყვარულის ყურადღება მიიპყრო.
“ეს გამოფენა ჯაზით არის შთაგონებული,“ უთხრა ელდარ გურბანოვმა „ევრონიუსს“. „იმიტომ, რომ მიყვარს ჯაზი და ბავშვობიდან ვუსმენ. ვუსმენდი უილის კონოვერს შუაღამისას. ამ გამოფენაში გავაერთიანე ჩემი ძველი და ახალი ნამუშევრები.“
წლევანდელი ფესტივალის კიდევ ერთი მონაწილე იყო ლონდონში მცხოვრები ბრაზილიელი კომპოზიტორი, არანჟირების ოსტატი, მომღერალი და გიტარისტი მარიო ბაკუნა, რომლის ბენდმაც წარმოადგინა ალბომი „ბრაზილიური პეიზაჟები.“ ეს ალბომი ბრაზილიელ ხალხს ეძღვნება და ბაკუნაც ამ ქვეყანაში მოგზაურობით არის შთაგონებული.
ამ მუსიკოსმა უკვე 16 ევროპულ ქვეყანაში დაუკრა და წელს აზერბაიჯანის აუდიტორიასაც ჰქონდა საშუალება, დამტკბარიყო ბრაზილიური რიტმის მდიდრული ჰარმონიით.
“ძალიან მომწონს ინსტრუმენტის ხმით მიბაძვა,“ – ამბობს მარო ბაკუნა. „საყვირის ხმის იმიტაციის დროს უკეთ ვაკავშირებ ფრაზებს და ეს რაღაც განსაკუთრებული რამ არის.“
ევრონიუსი