მთავარიმსოფლიოკავკასიაყარაბაღი 13 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა

ყარაბაღი 13 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა

უკვე რამდენიმე დღეა სომხეთის საზღვართან მთიანი ყარაბაღის დატოვების მსურველთა დიდი რიგებია. კილომეტრიანი საცობის გამო ათასობით ადამიანს საათობით უწევს რიგში დგომა, რომ სომხეთის ტერიტორიაზე მოხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სუვერენიტეტის აღდგენის გამოცხადების შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პირობა დადო, რომ ყარაბაღში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის უფლებებს დაიცავენ, რეგიონს მოსახლეობა მაინც მასობრივად ტოვებს.

მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლები შიშობენ, რომ აზერბაიჯანი ისევ ჩაკეტავს ლაჩინის დერეფანს, ერთადერთ გზას სომხეთისკენ, რომელიც მას შემდეგ გაიხსნა, რაც აზერბაიჯანმა რეგიონის დაკავების შესახებ გამოაცხადა. მანამდე რამდენიმე თვე ეს დერეფანი ჩაკეტილი იყო, რის გამოც რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისი შეიქმნა.

26 სექტემბრის დილის მონაცემებით, რომელსაც სომხეთის ხელისუფლება აქვეყნებს, ყარაბაღი უკვე დატოვა 13 ათას ხუთასმა ლტოლვილმა, ეს მოსახლეობის დაახლოებით 12 პროცენტია.

„აქ საერთოდ არავინ მყავს, წასასვლელიც არსად მაქვს, არ ვიცი სად წავალ“, – წუხს ერთ-ერთი ლტოლვილი ვალენტინა ასრიანი. 

სომხეთის ხელისუფლება დაჰპირდა ლტოლვილებს საცხოვრებელ ადგილსა და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას.

ღამით, როდესაც მოსახლეობა ტოვებდა რეგიონს,  სტეფანაკერტის მახლობლად, რომელსაც აზერბაიჯანი ხანკენდის უწოდებს, საწვავის საწყობი აფეთქდა. შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. ათობით მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ყარაბაღში არ არის საკმარისი რესურსი დაშავებულების სამკურნალოდ. სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც განაცხადეს, რომ რეგიონში სამედიცინო დახმარება გაგზავნეს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა აფეთქების მიზეზი. ბენზინგასამართი სადგურები გადატვირთული იყო იმის გამო, რომ ათასობით ადამიანი ცდილობდა რეგიონის დატოვებას, სადაც აქამდე  რამდენიმე თვიანი ბლოკადის გამო ისედაც საწვავის ნაკლებობა იყო.

ლტოლვილების მიღების პარალელურად სომხეთის ქუჩებში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები. ოპოზიცია ითხოვს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობა 5 ოქტომბრამდე დატოვოს. სწორედ ამ დღეს ესპანეთში ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრაა დაგეგმილი.

ამავე ამბავზე:

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend