მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSგაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა გრძელდება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა გრძელდება

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა კრემლი და რუსეთის ფედერაციას ტერორისტული სახელმწიფო უწოდა

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინული დელეგაციის წევრები და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთის პირისპირ, გაერთიანებული ერების რიგით 78-ე გენერალურ ასამბლეაზე, ერთ დარბაზში ისხდნენ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა კრემლი და რუსეთის ფედერაციას ტერორისტული სახელმწიფო უწოდა.

„რუსული ოკუპაცია საერთაშორისო დღის წესრიგისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. მე შემოგთავაზებთ იმ ნაბიჯების სიას, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურას გააძლიერებს და მაგალითად, უკრაინას გამოვიყენებ. აუცილებელია, უკრაინის ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ქვედანაყოფების გასვლა, მათ შორის რუსული სამხედრო ფლოტისაც. აუცილებელია, უკრაინის სახელმწიფო საზღვრების 1991 წლის მოცემულობით აღდგენა. უკრაინის სახელმწიფო საზღვრების აღდგენის შემდეგ, აუცილებელია თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა. სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კი სიტყვით გამოსვლა უკრაინული მხარის გენოციდში და ნეონაციზმში დადანაშაულებას დაუთმო.

„კიევში ძალაუფლებას ნეონაცისტები ფლობენ. ყირიმისა და დონბასის მოსახლეობას არ სურდა ნეონაცისტების მმართველობის ქვეშ ცხოვრება. დასავლეთის სახელმწიფოები უპირობოდ უჭერენ მხარს კიევის რეჟიმს, ეს კი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის თვითგამორკვევის პრინციპთან. კიევის რეჟიმმა მიიღო ქსენოფობიური კანონმდებლობა, ეს რეჟიმი ებრძვის ყველაფერს რუსულს”, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშის განცხადებით, უკრაინაში ომის მიზეზით 6 მილიონამდე მოქალაქემ დატოვა სამშობლო.

„უკრაინის მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 18 მილიონი ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს. 6 მილიონზე მეტ უკრაინელს კი სამშობლოს დატოვება მოუწია. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მუშაობს ამ ადამიანებისთვის დახმარების გაწევის მიზნით. ჩვენ მხოლოდ წელს 8 მილიონზე მეტ ადამიანს გავუწიეთ დახმარება და ამ პროცესში 450-ზე მეტი ჰუმანიტარული ორგანიზაციაა ჩართული”, – განაცხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ენტონი ბლინკენმა კი კრემლს გაერთიანებული ერების დამფუძნებელი ქარტიის დარღვევაში დასდო ბრალი.

„ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორია და ერთი მსხვერპლი. ერთი მხარე გაერთიანებული ერების დამფუძნებელი პრინციპების დარღვევით მოქმედებს, რუსული მხარე არაფრად აგდებს გაეროს ქარტიას. მოსკოვი არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებას, საერთაშორისო კანონმდებლობის დებულებებს და რუსული მხარე არ ერიდება სამხედრო დანაშაულის ჩადენასაც”, – აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რიგით 78-ე გენერალური ასამბლეა 26 სექტემბერს დასრულდება.

ამავე ამბავზე:

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend