მთავარისაქართველოფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ საზეიმოდ გაიხსნა

ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ საზეიმოდ გაიხსნა

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ საზეიმოდ გაიხსნა. 17 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში 7 კონცერტი გაიმართება. ფესტივალში ქართველ მუსიკოსებთან ერთად მონაწილეობენ მსოფლიოში ცნობილი ვირტუოზები, რომლებიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს შეასრულებენ.

წლევანდელი სეზონი გამორჩეულია იმით, რომ 2023 წელს თბილისის სიმფონიურ ორკესტრს 30 წელი შეუსრულდა.  „ჩემთვის განსაკუთრებულია თბილისში ყოფნა და თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მუსიკალური კომპოზიციების შესრულება. მე ვიცნობ ორკესტრის წევრებს და მათ ახლაც ვახსოვარ, როდესაც ერთად პირველად დავუკარით სცენაზე, და რა თქმა უნდა, ვახტანგი, ჩემი დიდი მეგობარი, რომელთან ერთადაც მუსიკის შექმნა სცენაზე განსაკუთრებულია. გისურვებთ, რომ ფესტივალი გაგრძელდეს, უფრო მეტად გაფართოვდეს და დააჯილდოოს მაყურებელი უფრო მეტი ბედნიერი ემოციით“, – განაცხადა მევიოლინე ვადიმ რეპინმა.

“ძალიან სასიხარულო დღე გვაქვს. 21-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის გახსნა გვაქვს, რომელიც ჩვენი მუსიკალური ცენტრის და თბილისის მერიის დაარსებულია 1993 წელს და ამდენი წელი გრძელდება ეს ყველაფერი. თან გვაქვს მეორე წლისთავი, ეს არის ორკესტრის შექმნის 30 წლის იუბილე. ვადიმ რეპინი უკრავდა პირველ ფესტივალზე და ძალიან მოხარული ვარ, რომ ისეთივე ოსტატობით გამოირჩევა და კიდევ უფრო მეტი სიღრმით, რასაც ეს ასაკი და წლები იძლევა. იმედი მაქვს, რომ ყველა კონცერტი ამ დონეზე გაიმართება”, – ამბობს თბილისის სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი ვახტანგ კახიძე.

წინ კიდევ ექვსი კონცერტია. თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დირიჟორ ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით სცენაზე წარდგებიან მევიოლინე დომენიკო ნორდიო, სახელმწიფო გუნდი „ლატვია“, პიანისტი ნელსონ გოერნერი და კლასიკური მუსიკის ქართველი ვირტუოზები.

ანეტ მიქელაძე

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend