ორ პატარა სიცილიურ კუნძულზე – ლამპედუზასა და ფავინიანაზე ცდებს ატარებენ ელეტქროენერგიის მწარმოებელ მიკროქსელებზე, რომლებიც განახლებად ენერგიასა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიებს ეფუძნება.
ვინჩენცო ტენერელო ფავინიანაში ცხოვრობს. მისი კომპანია SEA ჩართულია ინოვაციურ პროექტში, რომელზე ცდებსაც ვინჩენცო სახლში ატარებს: პროექტ BloRin-ის წყალობით, იგი ელექტროენერგიის მხოლოდ მომხმარებელი კი არ არის, არამედ მწარმოებელიც. BloRin-ი არის მომხმარებელებს შორის მონაცემთა უსაფრთხო გადაცემის სისტემა, ბლოკჩეინის ტექნოლოგიის მსგავსი, რომელსაც კრიპტოვალუტისთვის იყენებენ. მაინც როგორ მუშაობს ეს სისტემა?
ვინჩენცო ტენერელო, BloRin-ის მომხმარებელი და კომპანია SEA-ის ელექტროენერგიის გამანაწილებელი განყოფილების ხელმძღვანელი:
„მე ბლოკჩეინის ნაწილი ვარ. იმ ჭარბ ელექტროენერგიას, რომელსაც მე მზის ფოტოელემენტებით ვაწარმოებ, არ მოვიხმარ, შემიძლია გადამცემ ქსელს მივყიდო და გავუზიარო ჩემს მეზობელს ან ვინმე სხვას, ვინც იმავე ბლოკჩეინს ეკუთვნის. რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით მეტს დავზოგავთ…“
ეს პატარა იტალიური კუნძულები, მათ შორის ფავინიანა, ერთგვარი მიკროლაბორატორიებია BloRin-ის მზის ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემისა და გაყიდვის მოდელისთვის. 15 კერძო პირია ჩართული ამ მოდელის გამოცდაში, რომელიც 2017 წელს შეიქმნა. სწორედ აქ, პალერმოში, დაიწყო მეცნიერთა გუნდმა ამ პროექტის განვითარება 2017 წელს.
ელეონორა რივა გვაჩვენებს პროტოტიპს, რომლის მიხედვითაც შექმნეს ელექტრომრიცხველი. ეს მოდელი, ისევე როგორც ბლოკჩეინი, იძლევა პროცესის სრულყოფილი გამჭვირვალობის გარანტიას (მოხმარების, მენეჯმენტისა და ელექტროენერგიის დისტრიბუციის კოორდინირების).
ელეონორა რივა, პროფესორი და BloRin-ის პროექტის მენეჯერი:
„EMS Blorin-ი ზომავს სახლში როგორც შემომავალი, ისე გამავალი ელექტროენერგიის ძაბვას. გაზომვის მონაცემები გადაეცემა ბლოკჩეინის პლატფორმას რეგისტრაციისა და სერტიფიცირებისთვის.“
პროექტ Blorin-ის მთლიანი ბიუჯეტი თითქმის 2 მილიონი ევროა (1,999,310 ევრო), აქედან 86.69 პროცენტი ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში დაფინანსდა. დარჩენილი 13.31% კი პროექტში ჩართულმა ოთხმა ენერგოკომპანიამ [მათ შორის არიან სადისტრიბუციო სისტემების ოპერატორი კომპანიები ფავინიანაში, ენერგოკომპანია Exalto და ინოვაციური კომპანია Regalgrid-ი) დაფარა.
საინფორმაციო ტექნოლოგიები Blorin-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. აპლიკაციის საშუალებით, მომხმარებელმა ზუსტად იცის, რა მოცულობის ელექტროენერგია იწარმოება და რამდენი სჭირდება გადამცემ ქსელს. თუმცა ხანდახან ქსელს დახმარება სჭირდება.
პიერლუიჯი გალო, პალერმოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კომპიუტერულ ტექნოლოგიებში:
„ზოგჯერ ელექტროენერგია ქსელიდან ავტომობილს კი არ უნდა მიეწოდოს, არამედ, პირიქით. ეს, როგორც წესი, ძალიან ხანმოკლე და სრულიად ახალი პროცესია. ამიტომ ჩვენ ორმხრივი დამუხტვის სადგურები გვჭირდება.“
ფავინიანა, რომელსაც „ზღვის პეპელას“ უწოდებენ და ლამპედუზა, მწვანე ელექტროენერგიის მოხმარების თვითკმარი მიმართულებით მიდიან.
ავტორი: ავრორა ველესი