აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში ვაშინგტონსა და თბილისს სტრატეგიული ურთიერთობები აკავშირებთ და ამას ვერ შეცვლის ის ფაქტი, რომ ამერიკა უკვე მეორედ უწესებს სანქციებს საქართველოს მოქალაქეებს.
საუბარია ჯერ მოსამართლეებისთვის დაწესებული სავიზო შეზღუდვების შესახებ, ხოლო ახლა უკვე ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე. ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე მეთიუ მილერს ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის FSB-თან კავშირების გამოკვეთა ხომ არ ნიშნავს იმასაც, რომ აშშ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების ახლო კავშირებს რუსეთის დაზვერვასთან.
აშშ-ის პრესსპიკერის პასუხით, მათ 150 ორგანიზაციასა და ინდივიდუალურ პირს დააკისრეს სანქციები და კონკრეტულ დეტალებზე ვერ ისაუბრებს. მისივე განცხადებით, ამერიკა სოლიდარულია საქართველოს მოსახლეობის სურვილისადმი, ქვეყანა იყოს სუვერენული და თავისუფალი საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში.