ევროპარლამენტში აცხადებენ, რომ ბელარუსის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკა უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებში ვლადიმერ პუტინის თანამონაწილეა.
კანონმდებლები მიღებული რეზოლუციით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდებენ, გამოსცეს მისი დაკავების ორდერი.
რეზოლუციაში საუბარია, რომ ბელარუსის ლიდერი მხარს უჭერს რუსეთის გაუმართლებელ აგრესიას მეზობელ ქვეყანაში და, შესაბამისად, პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება უკრაინისთვის მიყენებულ ნგრევასა და ზარალზე.
ბელარუსულ მხარეს რუსი სამხედროების მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციაში მონაწილეობაშიც ადანაშაულებენ.
რეზოლუციაში ასევე საუბარია რუსეთის ბავშვთა კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე, რომელიც უკვე იძებნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო გადაყვანისთვის.
ევროპარლამენტარებს სურთ, რომ ბელარუსს დაუწესდეს ე.წ. სარკისებრი სანქციები, რომლებიც უკვე მოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ.