ქართულ პოლიტიკაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემდეგ კიდევ ერთი იმპიჩმენტის საკითხი შემოდის. თუ „ქართული ოცნება“ არის სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის ავტორი, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის იმპიჩმენტს ითხოვს. მიზეზი პრემიერისა და მისი ოჯახის წევრების კერძო ავიარეისია, რომელიც ცოტა ხნის წინ აშშ-ის მიმართულებით შედგა.
„ლელო“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცესის დაწყების ინიციატივით გამოდის. არ შეიძლება დღეს, როცა საქართველო ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის მიღებას ელის, „ქვეყანას მის ისტორიაში ყველაზე უფრო კორუმპირებული პრემიერ-მინისტრი ჰყავდეს და საზოგადოებასა და ოპოზიციას ამაზე რეაგირება არ ჰქონდეს. ღარიბაშვილის იმპიჩმენტის საკითხზე პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს დღეიდან ვიწყებთ“, – აცხადებს დეპუტატი სალომე სამადაშვილი.
ოპოზიციის ნაწილი, იმპიჩმენტის ნაცვლად, პროკურატურის მიერ სასწრაფოდ გამოძიების დაწყებას მიიჩნევს პრიორიტეტად.
„ჩვენ უკვე შევიტანეთ საჩივარი პროკურატურაში დღეს დილით, რადგან ძალიან მძიმე დანაშაულია, როცა კორუმპირებული ღარიბაშვილი საქართველოს გადასახადების გადამხდელების ფულს ფლანგავს საკუთარი, პირადი მიზნებისთვის. ეს არ არის პირველი შემთხვევა, თუმცა ახლა საგამოძიებო ჟურნალისტიკამ ცხადად წარმოაჩინა, რამხელა თანხებზეა საუბარი. ამიტომ რა თქმა უნდა, უნდა დაიწყოს გამოძიება, თუმცა მოლოდინი იმის, რომ საგამოძიებო უწყებები, რომლებიც ივანიშვილის ხელში მთლიანად დაქვემდებარებულია პარტიულ ვერტიკალს, რაიმე გამოძიებას ჩაატარებენ ივანიშვილის პაიკის მიმართ, არ გვაქვს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ.
მმართველი პარტიის ოპონენტების კიდევ ერთი ნაწილი კი ფიქრობს, რომ მმართველი პარტია თავის მხრივ პრეზიდენტის, ხოლო ოპოზიცია პრემიერის იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურით ვერაფერს მიიღებს და ამით მხოლოდ ევროინტეგრაციის პროცესს დააზიანებენ.
„ერთის მხრივ, “ქართულ ოცნებას” დაწყებული აქვს ყალბი იმპიჩმენტი პრეზიდენტის წინააღმდეგ, რითაც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს. ამ დროს ოპოზიცია გვეუბნება, რომ პრემიერის წინააღმდეგ მეორე ყალბი იმპიჩმენტი დავიწყოთ. ეს პროცესი ყალბია, რადგან მას შედეგი ვერ ექნება. პარლამენტში იმპიჩმენტის განხორციელების რესურსი უბრალოდ არ არსებობს. დღეს, როცა “ქართული ოცნება” ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს, დაუშვებელია, ოპოზიცია ისევე მოიქცეს, როგორც ხელისუფლება იქცევა და პრემიერის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყებით ანალოგიურად შეუშალოს ხელი ევროინტეგრაციის პროცესს”, – განაცხადა დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ პრემიერის მიერ კერძო ავიარეისის დაქირავებასთან დაკავშირებით უმრავლესობაში შეკითხვები არ აქვთ. არც გამოსაძიებელია არაფერი და იმპიჩმენტის პროცედურაც წარმოუდგენელია.
„პრემიერმა ისარგებლა ჩარტერით და ბიუჯეტიდან ამისთვის არცერთი თეთრი არ დახარჯულა. რაც შეეხება თვითონ ხარჯებს, ეს დეკლარირებული იქნება და საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება როგორც შემოსავლები, ასევე ხარჯები. აქედან გამომდინარე, ყველაფერი დღესავით ნათელია. მაინც გრძელდება სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით. თავის დროზე, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ბიუჯეტს უყურებდნენ, როგორც საკუთარ სალაროს. დღეს არცერთი თეთრი არ დახარჯულა საკუთარი პირადი საჭიროებისთვის ბიუჯეტიდან. ეს იყო პრემიერის პირადი ხარჯი და ხარჯებთან დაკავშირებით დეკლარაციაში ყველაფერი ასახული იქნება. რა არის აქ გამოსაძიებელი? არაფერი დამალული არ იქნება. ან რა იმპიჩმენტს ითხოვენ. მიზეზი არ არსებობს იმპიჩმენტისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ამავე პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა კი მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსიც გამართეს, სადაც ტრანსპარანტებითა და შეძახილებით პრემიერის ოჯახის კერძო საჭიროებისათვის თვითმფრინავის დაქირავება გააპროტესტეს.
დასახელებული მოთხოვნებისა და გაკეთებული განცხადებების შემდეგ ჯერ უცნობია, რა პოლიტიკური გაგრძელება მოჰყვება პრემიერის იმპიჩმენტის საკითხს.
ალეკო გვეტაძე