მთავარისაქართველოკონფერენციაზე "პუტინიზმის დამარცხება" აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის წერილი წაიკითხეს

კონფერენციაზე “პუტინიზმის დამარცხება” აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის წერილი წაიკითხეს

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია – “პუტინიზმის დამარცხება” დაიწყო. კონფერენციაზე მონაწილეობას იღებენ ევროპარლამენტარები, ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტები, სამხედროები, ადგილობრივი პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. კონფერენციის მონაწილეები საქართველოსთვის, უკრაინისა და მთლიანად რეგიონისთვის პუტინიზმის დამარცხების მნიშვნელობას განიხილავენ.

„წლევანდელი თემა პუტინიზმის დამარცხება, სწორედ იმიტომ ავარჩიეთ, რომ 2018 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 15 წელი შესრულდა, როდესაც რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. მას შემდგომ იყო ყირიმის ანექსია, ხოლო წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო უკრაინის მასშტაბური ოკუპაცია უკრაინაში,“ – განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ევგენიძემ.

კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა ამერიკის 43-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის წერილი წაიკითხა.

„განუსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის უკრაინის ომის შედეგებს – მათ შორის, საქართველოსთვის. უკრაინის გამარჯვებამ შესაძლოა, ასევე, გზა გაუხსნას შესაძლებლობას, რომ, პუტინის ბრძანებით რუსული ჯარების შემოჭრიდან 15 წლის შემდეგ, დასრულდეს რუსეთის მიერ თქვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია“, – ნათქვამია ამერიკის 43-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის წერილში.

კონფერენციაზე დასავლელი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების განცხადებით, სამხედრო ინტერვენციასთან ერთად მიმდინარეობს ინფორმაციის ომი.

„საქართველო 15 წელია ოკუპირებულია. რუსეთმა დაიწყო ომი და ეს გრძელდება. ომი იწარმოება არამხოლოდ სამხედრო საშუალებებით. ასევე, არის პოლიტიკური მანიპულაციები საქართველოს მოქალაქეების გამოყენებით, რომლებზეც შესაძლებელია მანიპულაცია, მათ შორის, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ადამიანების, ფულის გამოყენებით, სოციალური მედიის გამოყენებით, ნებისმიერი საშუალებით, რომელსაც რუსეთი იყენებს საქართველოზე ზეწოლისთვის,“ – ამბობს ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელი ეველინ ფარკასი.

„ერთი შეხედვით ყველაფერი ძველებურად არის. ზოგი რამ იცვლება, ზოგი რამ არა. როგორც საქართველოს მეგობარს ცვლილებების ნახვა მსურს. მაგრამ ეს ქართველი ერის გადასაწყვეტია. უკრაინაში უკვე ორი წელია, რაც ომი მიმდინარეობს და ვცდილობთ დავადგინოთ საკმარისს ვაკეთებთ თუ არა,“ – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუისმა.

„მსურს კიდევ ერთხელ დავუდასტურო ქართველ ხალხს მხარდაჭერა ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით და დემოკრატიული რეფორმების გატარების კუთხით. საქართველო უკრაინასა და რეგიონში არსებულ სხვა ქვეყნებთან ერთად, სერიოზული საშიშროების წინაშე დგას, რაც მოსკოვიდან მოდის. მოსკოვი ცდილობს რეგიონი გააკონტროლოს და რეგიონში არსებულ ქვეყნებს დამოუკიდებლობა წაართვას,“ – ამბობს “ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ კრამერი.

თბილისის მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობა არ მიუღიათ ქართული ოცნების წარმომადგენლებს. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ კონფერენციაზე წარმოდგენილია რადიკალური ოპოზიცია და მათი ფასიანი ლობისტები. ქართული ოცნებისგან განსხვავებით კონფერენციას ესწრებოდნენ როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები.

„ამ კონფერენციას ესწრება ყველა, რომელიც მხურვალედ მხარს უჭერს ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის სწრაფ ინტეგრირებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, რომელიც მხარს უჭერს უკრაინელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის. და ეს ხალხია აქ თავმოყრილი ამ კონფერენციაზე,“ – ამბობს პარტია „ლელო საქართველოსთვის” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

„კრემლის მსურველები ამ კონფერენციაზე არ დადიან. დასავლეთში ინტეგრაციის მსურველები აქ ამ კონფერენციაზე არიან. ყველა მეგობარი ვინც კი გვეხმარება ჩვენ, რომ საქართველოს ხმა იყოს შესმენილი და გაგონილი როგორც ევროკავშირში ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმყოფება აქ,“ – განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ.

თბილისის საერთაშორისო კონფერენცია 2015 წლიდან იმართება, წელს კი “პუტინიზმის დამარცხება” ორი დღე გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend