საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ქალაქ ზაგრებში შეხვდა.
მთავრობის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, ჯერ პირისპირი, შემდეგ კი, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა ანდრეი პლენკოვიჩთან შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ და აღნიშნა, რომ ქვეყანა წლის ბოლოს დამსახურებულად ელოდება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის ხორვატიის გამოცდილების გაზიარება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული დარგობრივი თანამშრომლობის საკითხები. საქართველომ გამოთქვა მზადყოფნა, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო წაახალისოს დარგობრივი უწყებები და გააღრმაოს თანამშრომლობა ეკონომიკის, ტურიზმის, თავდაცვისა და მართლმსაჯულების სფეროში.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ხორვატიის ისტორიულ, კულტურულ და ტერიტორიულ მსგავსებას, რაც ორი ქვეყნის მეგობრობას და თანამშრომლობას კიდევ უფრო მჭიდროსა და ნაყოფიერს ხდის.