უკრაინის მოქალაქეებს, ვისაც სურთ, რომ იარაღის სროლა ისწავლონ, სამხედროები კიევში ვარჯიშებს უტარებენ. ისინი იარაღის სასწავლო სიმულატორის დახმარებით, რომელიც რეალურს ძალიან ჰგავს, რიგრიგობით ასწავლიან უკრაინელებს იარაღის დაშლა-აწყობასა და სროლას.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი უკვე მე-17 თვეა მიმდინარეობს. კიევის საქალაქო ადმინისტრაციამ სპეციალური სავარჯიშო ბაზები გახსნა მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, რომელთაც სურთ გამოიმუშაონ გადარჩენის უნარები, ისწავლონ იარაღიდან სროლა, პირველადი დახმარება გაუწიონ დაშავებულებს და ასევე ამოიცნონ სხვადასხვა ადგილას მიმოფანტული ნაღმები.
თითოეულ ჯგუფში 20 მოხალისეა, ყველა მათგანი მშვიდობიანი მოქალაქეა, მათ შორის ქალები და ისეთი მოქალაქეები, რომლებსაც საერთოდ არასდროს სჭერია იარაღი ხელში.
,,ჩვენი ინსტრუქტორი იმდენად კარგად ხსნის ყველაფერს, რომ საერთოდ არ გვეშინია. მე ჩემი ქვეყნის მიმართ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და სწორედ ამიტომ ვცდილობ სამხედრო საქმის სწავლას’,’-ამბობს კიევის მცხოვრები, ლანა ბონდარენკო
მოხალისეები ბნელ და ჟალუზებით მჭიდროდ დახურულ ოთახში ვარჯიშობენ, მათ დანახვაზე უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება და ხალხი საოცარი ენთუზიაზმით ეკითხება ინსტრუქტორებს თუ როგორ უნდა ჩაერთონ ამ ყველაფერში.
რუსები განაგრძობენ სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის მშვიდობიან უბნებზე, რაც ანადგურებს უამრავ საცხოვრებელს.
,,ომი გრძელდება და ჩვენ არ ვიცით, რა იქნება შემდგომი საფრთხე. ჩვენ ვასწავლით მოქალაქეებს, თუ როგორ მოიქცნენ კრიტიკულ სიტუაციებში. შესაბამისად, სწორედ ასე ვამცირებთ შესაძლო დანაკარგებს “, -ამბობს მიხაილო შჩერბინა, კიევის მუნიციპალური უსაფრთხოების დირექტორის მოადგილე.
კიევის მუნიციპალური უსაფრთხოების დირექტორის მოადგილის, მიხაილო შჩერბინას თქმით, ვებსაიტზე რეგისტრაციის ველის გახსნიდან რამდენიმე დღეში, ტრენინგზე 2000-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა, მათგან დაახლოებით 70% ქალია. ასევე შჩერბინას განცხადებით, გასულ წელს მათ დაახლოებით 15000 ადამიანი გადაამზადეს და მათგან თითქმის 3000-მდე შეუერთდა ჯარს.