გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე კლიმატის ცვლილებაზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ღია დებატები გაიმართა. დებატებისას გაეროს სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილემ, ჟან-პიერ ლაკრუამ განაცხადა, რომ არსებობს ძლიერი კორელაცია ქვეყნების არასტაბილურობასა და ამ ქვეყნებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ შედეგებს შორის. მისი განცხადებით, იმ ქვეყნებში, სადაც მძიმე ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობაა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემებიც უფრო თვალსაჩინოა. უსაფრთხოების საბჭოზე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელმა კლიმატის ცვლილების საკითხებში, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ახლა მეცნიერების სისწორეზე დავის დრო არ არის, რადგან კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქნის ჩვენს მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
„ჩვენ უკვე ვხედავთ ძლიერ კორელაციას ქვეყნების არასტაბილურობასა და ამ ქვეყნებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ შედეგებს შორის. 16 ქვეყნიდან, რომლებიც კლიმატის კუთხით ყველაზე დაუცველები არიან, ცხრა ქვეყანაში გაეროს საველე მისია მოქმედებს. ეს ქვეყნებია: ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, სუდანი, სამხრეთი სუდანი, ავღანეთი, სომალი, მალი, ჰაიტი და იემენი. ასევე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ გაეროს სამშვიდობო ოპერაციების უმეტესი ნაწილი იმ ქვეყნებში ტარდება, სადაც გენდერული უთანასწორობის მაღალი დონე და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემებია“, – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ სამშვიდობო ოპერაციებში, ჟან-პიერ ლაკრუამ.
„აქ სამეცნიერო დებატების ადგილი არ არის. კლიმატის კრიზისი მწვავდება. ეს ძირს უთხრის ჩვენს კოლექტიურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. გაეროსა და თითოეული სამთავრობო უწყების შეთანხმებული ქმედებებისა და საერთო ძალისხმევის გარეშე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემები მსოფლიო მასშტაბით გაუარესდება. სანამ ჩვენ ყოველდღიურად, ყოველწლიურად არ გავაკეთებთ იმას, რაც კლიმატის პრობლემის მოსაგვარებლადაა საჭირო, ის უფრო მეტად შეუქმნის საფრთხეს ჩვენს მშვიდობასა და ჩვენს სიცოცხლეს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელმა კლიმატის ცვლილების საკითხებში, ჯონ კერიმ.