ნიდერლანდებში ათასობით მომიტინგემ ერთ-ერთი მთავარი ავტომაგისტრალი A12 გადაკეტა. საპროტესტო აქცია ორგანიზებული იყო გარემოსდამცველთა მოძრაობის Extinction Rebellion-ის მიერ, რომელიც 2018 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა. მოძრაობა ნიდერლანდებშიც აქტიურობს.
საპროტესტო აქციის დაწყებისთანავე გზის გასათავისუფლებლად და მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა, თუმცა უშედეგოდ.
კლიმატის აქტივისტები აცხადებენ, რომ ნიდერლანდების მთავრობა წიაღისეული საწვავის სექტორზე ხუთჯერ უფრო მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე მთლიანად კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად არის გამოყოფილი.
ისინი მთავრობას მოუწოდებენ, გააუქმოს სუბსიდიები და წიაღისეული საწვავის ინდუსტრიისგან მიღებული დამატებითი შემოსავალი მოახმაროს კლიმატის სამართლიან პოლიტიკას. მათი მოთხოვნაა ასევე შეიქმნას კლიმატისა და გარემოს ეროვნული ასამბლეა. ჯერჯერობით კლიმატის აქტივისტები წყლის ჭავლმა ვერ შეაჩერა. მათი მიზანია, რაც შეიძლება დიდი ხნით გადაკეტონ გზა.