მთავარისაქართველოფრენები რუსეთთან და პოლიტიკური შეფასებები

ფრენები რუსეთთან და პოლიტიკური შეფასებები

რუსეთთან პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის მორიგ ეტაპად განხილული ორმხრივი ავია და უვიზოდ მიმოსვლა, ახალი პოლიტიკური კვირის მთავარი თემაა.  „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთი საქართველოში ისედაც შემოჭრილია და საქართველოს მთავრობის მიერ რაიმე სანქციის დაწესება, შესაძლოა არათუ ოკუპაციის, არამედ სრულად ანექსიის მიზეზი გახდეს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ სანქციების შესაძლო დაწესების შემთხვევაში, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების დაძლევაში, დასავლელი პარტნიორებისგან საქართველოს შესაბამისი პირობა არ აქვს.

„ნებისმიერი ასეთი ქმედება, რაც არის ვიზის შემოღება, საზღვრის ჩაკეტვა, ფრენების აკრძალვა და სხვა, არის სანქცია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა ესკალაციაზე მიდის რუსეთთან. ესკალაცია გულისხმობს, რომ ისეთ სპირალში შევდივართ, რომლის შედეგების წინასწარი განჭვრეტა შეუძლებელია. შესაბამისად, როდესაც ამის საპირისპიროდ აწესებ სანქციებს მოსალოდნელია, რომ საპასუხო ზომები, კონტრსანქციები იქნება, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას შეექმნება საფრთხე და ეკონომიკურ კეთილდღეობას.

ყველას შევახსენებ, რომ რუსეთის ჯარი დედაქალაქიდან 30 კმ-ში, დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ მთავარი ავტობანიდან 500 მეტრში იმყოფება. ეს არის უდიდესი სამხედრო რისკი, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. გარდა ამისა, იცით, რომ დიდია საფრთხე, რომ რუსეთი ოკუპაციის პოლიტიკიდან გადავიდეს ანექსიის პოლიტიკამდე.

ის, ვინც გვთავაზობს რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას, ასევე ვიზის დაწესებას, საზღვრის ჩაკეტვას, ფრენების აკრძალვას, საჰაერო სივრცის ჩაკეტვას, სინამდვილეში გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავრისკოთ და უნდა შევიდეთ რუსეთთან ესკალაციაში, შესაბამისად, შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაში. მნიშვნელოვანია, რომ ის, ვინც გვეუბნება, რომ სანქცია უნდა დავაწესოთ რუსეთის მიმართ, არ გვაძლევს არც უსაფრთხოების გარანტიას, არც ეკონომიკური დაცულობის გარანტიას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატები კი ამბობენ, რომ რუსეთს ამ ეტაპზე ახალი ომის ძალა არ აქვს, ხოლო როდესაც უკრაინასთან ეს სასტიკი ომი დასრულდება, რუსეთი იმდენად დასუსტებული იქნება, რომ საქართველოზე სამხედრო ზეწოლას ვერ შეძლებს. მათივე თქმით, მმართველ პარტიას არა საფრთხეების რაციონალური აღქმის გამო აქვს ასეთი მიდგომა, არამედ ეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური არჩევანია.

გვაკადრეს და ქვეყანა შავ ხვრელადაა უკვე გადაქცეული. სანქციების არ დაწესება მარტო ის კი არის რომ შევებრძოლოთ რუსეთს, არამედ ის, რომ მსოფლიოს მიერ დასანქცირებული პირები ქვეყანაში არ შემოუშვან. ზარ-ზეიმით მიღება და მათი შემოშვებაა სწორედ პოლიტიკა, ესაა შავი ხვრელი. დღეს უკვე, მცოცავი ოკუპაცია კი არა, მფრინავი ოკუპაცია მიდის რუსეთის მიერ „ქართული ოცნების“ ხელშეწყობით“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ნიდერლანდების ელჩი საქართველოში მააიკე ვან კოლდამი აცხადებს, რომ როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი შეშფოთებულია რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენასთან დაკავშირებით. დიპლომატი პოლიტიკურ ელიტას ახსენებს, რომ ევროკავშირი საქართველოსგან საგარეო პოლიტიკის დაახლოებასაც მოელის.

„რუსეთთან ფრენებთან დაკავშირებით ევროკავშირმა გაავრცელა ორი განცხადება. ნიდერლანდები არის ევროკავშირის წევრი და რა თქმა უნდა, ვუერთდებით ევროკავშირის ამ განცხადებებს, რომელიც შეშფოთებას გამოხატავს ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება, რამდენადაც შესაძლებელია  საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოიყვანოს.  ასევე გამოხატავს შეშფოთებას ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც. ასე რომ, ჩვენ ევროკავშირის ამ განცხადებებს ვიზიარებთ. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, არსებობს 12 პრიორიტეტი, რომელიც სრულად უნდა შესრულდეს. ყველა პარტიამ უნდა გააკეთოს მაქსიმუმი, ამ პრიორიტეტების შესასრულებლად, იმისთვის, რომ იმუშაონ ერთად, დაძლიონ უთანხმოება და პოლარიზაცია“, – განაცხადა ელჩმა.

რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა 2019 წლიდან იყო შეწყვეტილი. მიზეზი რუსეთის მხრიდან საქართველოს დასანქცირება იყო, რადგან კონკრეტული ჟურნალისტის განცხადების გამო, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გაბრაზდა. ახლა კი ამ სანქციის ახსნას, რუსეთმა თავად უწოდა ჯილდო. პოლიტიკური მიზნებისთვის კიდევ რა ბერკეტს გამოიყენებს რუსეთი საქართველოსთან დაკავშირებით, ჯერ უცნობია.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend