თბილისის ქუჩებში სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ტურისტი ირევა. ათვალიერებენ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, ტრადიციულ კერძებს აგემოვნებენ და ქვეყნის ისტორიას ეცნობიან.
რას ამბობენ საქართველოს სტუმრები:
„საქართველოში პირველად ვარ, ყაზახეთიდან ჩამოვედი. ბოტანიკური ბაღი დავათვალიერე, ადგილობრივი ღვინოც დავაგემოვნე და ძალიან მომეწონა”.
„ერთი კვირით ჩამოვედი კრასნოდარიდან. ჯერ თბილისში გავჩერდებით, შემდეგ ბათუმსაც ვესტუმრებით. ყველაფერი მომწონს, გარემო, სამზარეულო, არაჩვეულებრივია”.
გიდების მომსახურება ტურიზმის განუყოფელი ნაწილია. აქ ჩამომსვლელებს კი ადგილზე არა მხოლოდ ქართველი, არამედ ირანელი, ტაილანდელი და რუსი გიდები აცნობენ საქართველოს. ისინი ტურისტებს პირადი კონტაქტებისა და სოციალური ქსელების საშუალებით იზიდავენ.
ტურისტულ სეზონზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები არა მხოლოდ გიდებად, არამედ მომსახურების სფეროშიც საქმდებიან. სწორედ ისინი ავსებენ ქვეყანაში კადრების დეფიციტს.
ამასობაში კი ტურისტულ სეზონზე საქართველოში ვიზიტორების დიდ ნაკადს ელოდებიან. ფიქრობენ, რომ ივლისის თვე განსაკუთრებით დატვირთული იქნება როგორც მთაში, ასევე ზღვის სანაპიროებზე.
ანა ალელიშვილი