კატეგორიები

საქართველოში ევროკავშირში გაწევრების მხარდამჭერთა რიცხვი ისტორიულ მაქსიმუმზეა

საქართველოში ევროკავშირში გაწევრების მხარდამჭერთა რიცხვი ისტორიულ მაქსიმუმზეა

საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას, მოქალაქეების მხრიდან მტკიცე მხარდაჭერა აქვს, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ახალი კვლევის თანახმად, მოქალაქეთა 89% ევროინტეგრაციას უჭერს მხარს.
გამოკითხული მოქალაქეების 34% ევროინტეგრაციის პროცესში მთავარ დაბრკოლებად „პოლიტიკურ არასტაბილურობას“ ასახელებს.

17% კი ამბობს, რომ ამის მიზეზი ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაა. ბოლო  შვიდ თვეში, ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა რაოდენობა 4%-ით გაიზარდა.

ქვეყნის ნატოში გაწევრებას, კი საქართველოს მოქალაქეთა 80% უჭერს მხარს, მაჩვენებელი სექტემბრიდან დღემდე 2%-ითაა გაზრდილი.
ნატოში გაწევრების შემთხვევაში მთავარ სარგებელს საქართველოს მოსახლეობის 33% უსაფრთხოებაში, 19% კი საზღვრების დაცვაში ხედავს.

კვლევის ფარგლებში, მოქალაქეებს ჰკითხეს აზრი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებზეც. მოსახლეობის 42% ამბობს რომ მათ ინტერესს არცერთი პარტია არ ატარებს. ხოლო საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს მოსახლეობის მხოლოდ 13% ენდობა.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ პოლიტიკური პარტიებიდან, მხოლოდ 2-ს ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას აქვთ მხარდაჭერის 3%-ზე მაღალი მაჩვენებელი. ქართულ ოცნებას მოსახლეობის 19% უჭერს მხარს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას კი 14%.

„რომელ პარტიას არ დაუჭერდით მხარს არავითარ შემთხვევაში“ – ამ კითხვაზე ყველაზე უარყოფითი შედეგები მმართველ პარტიასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აქვთ. გამოკითხულთა 39% ამბობს, რომ მხარს არ დაუჭერდა ნაციონალურ მოძრაობას, 34% კი ქართულ ოცნებას. ამასთან გამოკითხული მოსახლეობის 68% ფიქრობს რომ ქვეყანა მეტი პოლიტიკური პოლარიზაციისკენ მიდის. 78%-ს პოლიტიკაში მეტი ახალგაზრდის ხილვა სურს. ამასთან მოსახლეობის 57% არ ეთანხმება თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკას.

საქართველოში მმართველობის საუკეთესო ფორმად დემოკრატიას – მოსახლეობის 77% მიიჩნევს, ეს მაჩვენებელი ბოლო 7 თვის განმავლობაში 11%-ითაა გაზრდილი.

საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად მოსახლეობის 63% ევროკავშირს, 47% ამერიკის შეერთებულ შტატებს და 27% უკრაინას ასახელებს. მოსახლეობის 87% ფიქრობს რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს. ქვეყნის მოსახლეობის 76% ფიქრობს, რომ რუსული აგრესია საქართველოს მომართ არ დასრულებულა და ისევ გრძელდება.

მოქალაქეთა 50%-ს არ მოსწონს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში. რაც შეეხებათ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ – გამოკითხულთა 29%-ს ურჩევნია რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოდან წავიდნენ, ხოლო 37% ფიქრობს რომ ისინი საქართველოში არ უნდა შემოუშვან მანამ, სანამ ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დაგვიბრუნებენ. გამოკითხვამ აჩვენა ისიც, რომ 46% გარკვეულწილად ეწინააღმდეგება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას, ხოლო 48% ამ აზრს ნაწილობრივ ემხრობა.

კითხვაზე როგორია საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკური კურსი, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი, 25%, პრორუსულს ასახელებს. 20%-ის აზრით კი მთავრობის კურსი უფრო მეტად პრორუსულია, ვიდრე პროდასავლური.

კვლევის შედეგად ასევე დადგინდა, რომ მოსახლეობის 62% იზ აზრით ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.

„საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევა“ 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში, პირდაპირი ინტერვიუს გზით ჩატარდა და გამოკითხეს 18 წელს ზემოთ მოქალაქეები. კვლევა USAID-ის დაფინანსებით ჩატარდა და მისი შედეგების ცდომილება 2,5%-ია.

ანანო ღუდუშაური

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები