მთავარიაზიაისრაელიბენიამინ ნეთანიაჰუ იძულებული გახდა სასამართლო სისტემის რეფორმის აღსრულება შეეჩერებინა

ბენიამინ ნეთანიაჰუ იძულებული გახდა სასამართლო სისტემის რეფორმის აღსრულება შეეჩერებინა

ისრაელში დემონსტრაციები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ეს იყო საყოველთაო გაფიცვის დღე, რომელმაც ქვეყნის პარალიზება გამოიწვია.  პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იძულებული გახდა, სასამართლო სისტემის რეფორმის აღსრულება შეეჩერებინა.

რამდენიმეკვირიანმა პროტესტმა ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული შიდა კრიზისი გამოიწვია. რეფორმის გეგმის შეჩერების შესახებ ნეთანიაჰუმ თავად განაცხადა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ეროვნული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე და მოქალაქეებს შორის განხეთქილების თავიდან აცილების მიზნით მიიღო გადაწყვეტილება, ამ მოწვევის ქნესეთში შეეჩერებინა კანონის მეორე და მესამე მოსმენით მიღება. მისი თქმით, მათ სჭირდებათ დრო, რომ შემდეგი მოწვევის ქნესეთში  კანონმდებლობის მისაღებად  კონსენსუსს მიაღწიონ.

სასამართლო რეფორმამ, რომელიც ნეთანიაჰუს მთავრობას მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის უფლებას აძლევდა, მათ შორის იმ მოსამართლეებისა, რომლებიც პრემიერ-მინისტრის კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეს განიხილავენ, ლიბერალებისა და მემარჯვენე ფრაქციების დაპირისპირება გამოიწვია. ქვეყანაში სამოქალაქო ომის წინაპირობა შეიქმნა,  რამაც აშშ-ის ხელისუფლების შეშფოთებაც გამოიწვია.

თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი აღნიშნავს, რომ აშშ   მიესალმება ამ განცხადებას, რომელიც კომპრომისის მისაღწევად დამატებით დროისა და სივრცის გამოყოფის   შესაძლებლობას იძლევა.

თუმცა ნეთანიაჰუს განცხადების შემდეგ თელ-ავივში მთავრობის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს მაინც დაუპირისპირდნენ.  პროტესტის ორგანიზატორი ლიდერები აცხადებენ, რომ დემონსტრაციები იქამდე გაგრძელდება, სანამ ნეთანიაჰუ საბოლოოდ არ იტყვის უარს კანონის მიღებაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend