მთავარისაქართველოსათავგადასავლო ტურიზმის შესავალი კურსი ლენტეხელი ბავშვებისთვის გუდაურში

სათავგადასავლო ტურიზმის შესავალი კურსი ლენტეხელი ბავშვებისთვის გუდაურში

თემო გუდაურში თხილამურებზე პირველად დგას. ის იმ 11 ლენტეხელ მაღალკლასელს შორისაა, რომლებმაც გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ზამთრის კურსის მოდული გაიარეს. ლენტეხელი მოზარდები სკოლაში თხილამურებით სრიალსა და სამთო გამყოლის საქმიანობის სპეციფიკას სწავლობენ. თემოს სურს, რომ მომავალში სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში იმუშაოს. მან გუდაურში ბევრი რამ ისწავლა. აქ გატარებული დრო მას განსაკუთრებით დაამახსოვრდება.

„ჩვენ აქ სათხილამუროდ ჩამოვედით, რომ აქ სამთოგამყოლობა და თხილამურებით სრიალი გვესწავლა. ეს ყველაფერი კარგად ავითვისეთ, ვისწავლეთ და ახლა ჩვეულებრივად ვდგავართ თხილამურებზე. ვერ ვიტყვი, რომ პროფესიონალები ვართ, მაგრამ დამწყებთათვის საკმაოდ კარგად ვსრიალებთ“, – ამბობს ზამთრის კურსის მოდულის მონაწილე თემო ჩანქსელიანი.

TVET – 2021 პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეების სათავგადასავლო ტურიზმის შესავალი ზამთრის კურსის მოდული პროექტის „მთა-მთა გამყოლთა მარათონი 2023-ის“ ფარგლებში ტარდება. პროექტი ამერიკის საელჩოს მიერაა დაფინანსებული. მისი მიზანია გამყოლის პროფესიის პოპულარიზაცია, განათლების დონის ამაღლება და გამყოლების სერტიფიცირება. პროექტი ასევე ემსახურება გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და სათავგადასავლო პროფესიების მეშვეობით ახალგაზრდების განვითარებას.

„ამ პროექტის ფარგლებში სხვადასხვა რეგიონიდან, ძირითადად დასავლეთ საქართველოდან, მაღალმთიანი რეგიონებიდან, ზემო სვანეთიდან, ქვემო სვანეთიდან, რაჭიდან და სხვა ადგილებიდან ჩამოგვყავს ბავშვები ჩვენს საწვრთნელ ბაზაზე, ეს სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის საწვრთნელი ბაზაა. თუ ახალგაზრდები ამ სფეროთი არ დააინტერესე, მგონია, რომ სხვას საერთოდ ვეღარ დააინტერესებ. გვინდა, რომ ბავშვები მოვიზიდოთ, რომ უფრო მეტად ჩაერთონ პროცესში, გახდნენ გიდები, გაჰყვნენ ტურისტები. მიმაჩნია, რომ საქართველო ძალიან კარგი ტურისტული ქვეყანაა და ამ მიმართულების კარგად განვითარება შეგვიძლია. როდესაც ტურისტი ჩამოდის, გვჭირდება კადრი, რომელიც მას აქ დახვდება. მგონია, რომ მომავალში ამას ეს ბავშვები შეძლებენ“, – ამბობს სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის წარმომადგენელი ცოტნე ცაავა.

წელს სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ზამთრის კურსის მოდულზე ლენტეხელი მაღალკლასელები შეირჩნენ. როგორც პროექტის ორგანიზატორები ამბობენ, ლენტეხს სამთო სპორტისა და სათავგადასავლო ინდუსტრიის განვითარების კარგი პოტენციალი გააჩნია.

„ლენტეხიდან ჩამოვიყვანეთ სკოლის მოსწავლეები, რომლებიც სათხილამურო სპორტს ეცნობიან. ასევე სხვადასხვა თეორიულ თუ პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ სამთო გამყოლობისა და საფეხმავლო გამყოლობის შესახებ. ლენტეხი ტურისტული განვითარების ეტაპზეა,  ეს კურსი მისთვის დროული იყო, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. როდესაც სკოლის ასაკიდან ერთვებიან ბავშვები  ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ეს სამომავლოდ ლენტეხისთვის ძალიან კარგი შედეგის მომტანია“, – ამბობს ლენტეხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ზვიად იოსელიანი.

პრაქტიკულ სწავლებასთან ერთად ბავშვები თეორიულ გაკვეთილებსაც იღებდნენ. სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის დირექტორი გიორგი მაღლაკელიძე ამბობს, რომ ბავშვებმა დიდი პროგრესი განიცადეს. მათი ცოდნა კი მომავალში მათსავე რეგიონს გამოადგება.

„ზოგადად ლენტეხის რაიონს სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია. სანამ რეგიონში ამ სახის ტურიზმი განვითარებულა, მანამდე გვინდოდა, ჩვენ შეგვექმნა გამყოლების ბაზა. ესენი არიან პროფესიონალი გამყოლები, რომლებიც შემდგომში ტურისტებს მოემსახურებიან“, – აღნიშნავს სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის დირექტორი გიორგი მაღლაკელიძე.

პროექტის „მთა-მთა გამყოლთა მარათონი 2023“ ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ზაფხულის მოდულიც იგეგმება, მათ შორის ლენტეხში, სადაც საფეხმავლო გამყოლის საბაზისო კურსი ჩატარდება.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend