მთავარისაქართველოროგორ გაიცნო მსოფლიომ საქართველო - ITB BERLIN 2023

როგორ გაიცნო მსოფლიომ საქართველო – ITB BERLIN 2023

გერმანია, ბერლინი, ევროკავშირის ყველაზე ხალხმრავალმა ქალაქმა, 3-წლიანი პაუზის შემდეგ, ისევ უმასპინძლა მსოფლიოში ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენას.

მესე ბერლინის საგამოფენო სივრცეში, რომელიც 160 000 კვადრატულ მეტრზეა გაშლილი, 3 დღის განმავლობაში, 181 ქვეყნიდან 10 000-ზე მეტი საგამოფენო სტენდი იყო განთავსებული.

ღონისძიების ოფიციალური პარტნიორისა და მასპინძლის სტატუსი წელს საქართველოს ჰქონდა და, საქართველო იყო იქ მთავარი სტუმარიც და მასპინძელიც.

ITB BERLIN-ის გახსნას ათასობით ადამიანი ესწრებოდა. აქ ყველაფერს ნახავდით, რითაც საქართველო ასე ამაყობს, ქართულ მრავალხმიანობას, ქართულ ნაციონალურ ბალეტს, ეთნო ჯაზს, ელექტრონულ თუ კლასიკურ მუსიკას.

და, რა თქმა უნდა, აქ შეხვდებოდით ქართულ სამზარეულოს რჩეულ კერძებს, რომლის ახლოდან გაცნობის საშუალებაც გამოფენის დღეებში უამრავ ადამიანს მიეცა. გამოფენის გახსნის დღეს, გალა კონცერტის შემდეგ გალა ვახშამი გაიმართა, სადაც სილქ ჰოსფითალითი უგემრიელესი ქართული კერძებით რამდენიმე ათას ადამიანს გაუმასპინძლდა.

“როდესაც გავიგეთ ეს კარგი ამბავი, რომ საქართველო ყველაზე დიდი მსოფლიო ტურისტული გამოფენის ქვეყანა იქნებოდა ძალიან გაგვიხარდა და მაშინვე ვიცოდით, რომ გვსურდა ამაში მონაწილეობის მიღება. გვინდოდა თანამშრომლობა არამხოლოდ სტენდის წარდგენით და პრეზენტაციით, არამედ, უფრო მეტი. შედეგი გასაოცარია, ჩვენ გახსნით გალა ვახშამზე 3 000-მდე ადამიანს გავუმასპინძლდით ტრადიციული ქართული ინგრედიენტებით, კერძებით, კულტურითა და ღვინით. ყველაფერი ქართული იყო. ყველა გაერთიანდა, საუკეთესო ღვინის მწარმოებლები, სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები. ჩვენ კი კერძების დამზადება ავიღეთ საკუთარ თავზე, 3000 ადამიანისთვის, ყველამ ნახა რას ნიშნავს ქართული სტუმარმასპინძლობა”, — განაცხადა სილქ ჰოსფითალითის აღმასრულებელმა დირექტორმა იორდი ქუითიმ.

თუმცა ქართული კულინარიის უკეთ გაცნობის საშუალება გამოფენის სტუმრებს მთელი სამი დღის განმავლობაში ჰქონდათ, საქართველოს პავილიონის ცენტრში ყოველ დღე ანთებდნენ თონეს, ავლებდნენ ჩურჩხელას და ხარშავდნენ ხინკალს.

“ძალიან მასშტაბური რაღაც შევძელით. ძალიან ვეცადეთ, რომ კარგად წარმოგვეჩინა როგორც ქართული სამზარეულო, ასევე ქართული კულტურა, იმიტომ რომ ქართული კულინარია კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, გვქონდა აურაცხელი დადებითი კომენტარები, როგორც კერძებთან, ასევე სერვირებასთან დაკავშირებით. არ იყო მარტივი ამ ყველაფრის გაკეთება, მოგვიწია ძალიან ბევრი პროდუქტის საქართველოდან წამოღება და აქ ჩამოტანა, იმიტომ რომ გერმანიაში ფიზიკურად არ იშოვებოდა. მიუხედავად ყველა ამ სირთულისა, ძალიან კარგად მოხდა ქართული კულინარიის პრეზენტაცია”, — ამბობს სილქ ჰოსფითალითის ბრენდ შეფი ირაკლი ასათიანი.

საქართველოს პავილიონში 80-ზე მეტი ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი. იმართებოდა ბიზნეს შეხვედრები, დამთვალიერებლებს კი ქართული დელეგაციის წევრები უყვებოდნენ საქართველოზე, ქვეყნის რეგიონებზე, ტრადიციებსა და თავისებურებებზე.

ქართულ სივრცეს, როგორც მასპინძელი ქვეყნის პავილიონს, ღონისძიების ორგანიზატორებიც ხშირად სტუმრობდნენ, როგორც ამბობენ, საქართველოზე უკეთეს პარტნიორს ვერც ინატრებდნენ.

“ამ ღონისძიებისთვის საქართველოზე უკეთეს პარტნიორს ვერც შევარჩევდით, საქართველო საოცარი ქვეყანაა და გახარებულები ვართ რომ გვქონდა შანსი, ის ერთად წარგვედგინა მსოფლიოსთვის. როგორც ქვეყანა, რომლის ახლოდან გაცნობაც ძალიან ღირს. ბედნიერები ვართ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ხალხიც გახარებულია და საქართველოს შესახებაც ყველამ გაიგო”, — აცხადებს ITB BERLIN-ის დირექტორი დებორა რუთი.

“ძალიან წარმატებული იყო საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენა ასეთ მნიშვნელოვან პლატფორმაზე. ჩვენ და კერძო სექტორს გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ადგილობრივ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ავიაკომპანიებთან, ისევე როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლებთან, რათა ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გავზარდოთ საქართველოს ცნობადობა გერმანიაში, უზრუნველვყოთ კიდევ უფრო მეტი გერმანელი და ევროპელი ტურისტის ჩამოყვანა ჩვენს ქვეყანაში, რაც რა თქმა უნდა დადებითად აისახება ინდუსტრიის გაძლიერებაზე, ტურისტული შემოსავლების გაზრდაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე”, — ამბობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.

ასე დასრულდა ITB Berlin 2023. ასე გაიცნო მთელმა მსოფლიომ, საქართველო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend