მას შემდეგ, რაც რამდენიმედღიანი პროტესტის ფონზე, პარლამენტიდან „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტები გაიწვიეს, ოპოზიცია ახლა სამომავლო გეგმებზე მსჯელობს.
ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ახლა მთავარი ამოცანა ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა იყოს. ამისთვის კი, მათი შეფასებით, პოლიტიკურმა პარტიებმა, სამოქალაქო სექტორმა და მოქალაქეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ. მათივე თქმით, საჭიროა კონსოლიდაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – გარეთ. მათი ნაწილი აცხადებს, რომ გარკვეული ტიპის კონსულტაციები უკვე დაიწყეს კიდეც.
კანდიდატის სტატუსზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირაში“ აღნიშნა, მოლოდინი აქვს, რომ წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. მისივე შეფასებით, თუ დამსახურებულ მიღებაზეა საუბარი, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.
ევროკავშირის წევრობაზე საქართველომ განაცხადი 2022 წელს გააკეთა. თუმცა, უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით, მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიიღო. საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2023 წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია.
ანა ალელიშვილი