მოლოდოვის პოლიციის ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, დედაქალაქ კიშინიოვის ქუჩებში მიმდინარე არც ისე ხალხმრავალი აქციების უკან, რუსეთიდან მართული პირები იდგნენ. ამის ამსახველი აუდიო ჩანაწერები პოლიციამ საზოგადოებას გააცნო. ასევე, მოლდოვის პოლიციის უფროსმა ვიორელ სერნაუტეანუმ, გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ აქციების 7 ორგანიზატორია დაკავებული, რომლებიც კრემლის წარმომადგენლებთან ათანხმებდნენ პროტესტის შინაარსს.
„ერთ-ერთი დაკავებულთაგან, რუსეთის ფედერაციიდან 9 მარტს ჩამოვიდა იმ მიზნით, რომ გარკვეული პირებისთვის ინსტრუქტაჟი ჩაეტარებინა საიდუმლო მისამართებზე. ეს სასწავლო პროცედურები მიზნად ისახავდა იმ ყველა ღონისძიების და აქტივობის ორგანიზებას, რაც საჭირო იქნებოდა არეულობის გამოსაწვევად და ფინალში მთავრობის დასამხობად. ჩვენი საპოლიციო ძალების კოორდინაციით, რუსული გეგმა მარტივად გამოვააშკარავეთ და აღვკვეთეთ. ასევე დაყადაღებულია დიდი ოდენობით თანხა, რომელიც დივერსანტების ანგარიშებზეა ჩარიცხული. რა თქმა უნდა რუსეთიდან. თითოეული ჯგუფის ლიდერისთვის 10 000 დოლარი იყო გამოყოფილი. ჯერ 7 ადამიანია დაკავებული“, – განაცხადა ვიორელ სერნაუტეანუმ.
მოლოდოვის პოლიციის ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე მონაწილეთა უმრავლესობა მანამდეც იყო შემჩნეული პრორუსული ინტერესების გატარებაში. თუმცა ახლა, ამ ქმედებამ ძალადობრივი და რადიკალური ფორმა მიიღო. მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის ცნობით, კი გასული კვირის განმავლობაში რუსეთ-მოლდოვის საზღვარზე, 180-ზე მეტ პირს ეთქვა უარი მოლდოვაში შესვლაზე. უწყების ცნობით, ყველა მათგანი ათლეტურ ფორმაში მყოფი კაცები იყვნენ, რომლებიც სავარაუდოდ კერძო რუსული სამხედრო ჯგუფის „ვაგნერის“ მებრძოლები არიან.