„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ პრინციპების დონეზე შეთანხმდა და უცხოური გავლენების შესახებ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს მხარს დაუჭერს. შესაბამისი განცხადება მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ამასთან, მდინარაძის თქმით, დეტალებზე მსჯელობა გაგრძელდება.
მისი განცხადებით, თუკი ვინმე ამბობს, რომ კანონპროექტი არის რუსული კანონმდებლობის ანალოგი, “უბრალოდ იტყუება”.
„საპარლამენტო უმრავლესობა, ამ შემთხვევაში, უმრავლესობის წევრები არიან „ხალხის ძალიდან“, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სახელით შემიძლია ვთქვა, რომ პრინციპების დონეზე შევთანხმდით და კანონპროექტს მხარს დავუჭერთ. რა თქმა უნდა, დეტალებზე მსჯელობა გაგრძელდება.
თუკი პრინციპებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ათასგვარი სპეკულაცია მოჰყვა სხვადასხვა ქვეყანასთან მიმართებაში, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის კანონმდებლობაზეც იყო მითითება, შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, ვინც არ უნდა იყოს, თუკი ვინმე ამბობს, რომ ეს არის ანალოგი რუსული კანონმდებლობის, ის უბრალოდ იტყუება“ , – აცხადებს მდინარაძე.