ქალაქ ქაჰრამანმარაშში 248 საათის შემდეგ ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ცოცხალი ამოიყვანეს.
17 წლის გოგო, რომელმაც ნანგრევებში თითქმის 10 დღე გაატარა, სამკურნალოდ ანკარაშია გადაყვანილი. ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში ექვს თებერვალს მომხდარ მიწისძვრას 36 200 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა გაცილებით მეტია.
გაერო თურქეთს 1 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს დაჰპირდა.
გაეროს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ თურქეთს მსოფლიოში ყველაზე მეტი ლტოლვილი ჰყავს შეფარებული და წლების განმავლობაში წარმოუდგენელ გულუხვობას იჩენს სირიელი მეზობლების მიმართ.
თურქი ხალხი ყოველთვის ეხმარებოდა დაზარალებულებს, ამიტომ, მისი აზრით, ახლა მსოფლიოა ვალდებული, გვერდით დაუდგეს თურქეთის მოსახლეობას.
დაზარალებულ ქალაქებში მძიმე ტექნიკით გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. გარკვეულ ქალაქებში უკვე შეიმუშავეს რეკონსტრუქციის გეგმა.
თურქეთის მთავრობამ უკვე დააკავა 100-მდე დეველოპერი და მშენებელი, რომლებმაც, სავარაუდოდ, არ დაიცვეს შესაბამისი სტანდარტები მშენებლობის დროს. პოლიტიკოსთაგან კი ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.