მთავარიევროპათურქეთითურქეთში 25 წლის ქალი ნანგრევებიდან 140 საათის შემდეგ ამოიყვანეს

თურქეთში 25 წლის ქალი ნანგრევებიდან 140 საათის შემდეგ ამოიყვანეს

მეცნიერულად თუ ბუნების კანონით შეუძლებელია იმის ახსნა, როგორ შეიძლება შენობის ნანგრევებში მოყოლილმა ადამიანმა ასეთ ყინვაში 140 საათი გაძლოს. თუმცა 25 წლის სირიელმა ფატმამ ეს შეძლო. მეხანძრეები ნანგრევებიდან მის გამოყვანას 1 დღის განმავლობაში ცდილობდნენ.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთი ადამიანი გადავარჩინეთ. იმედი გვაქვს, რომ მალე უფრო მეტს ვიპოვით. გვჯერა, რომ ამ შენობის ქვეშ ჯერ კიდევ არიან ცოცხალი ადამიანები. მუშაობას გავაგრძელებთ. ჩვენ არ გავჩერდებით”, – ამბობს კონიის მეხანძრეების სამძებრო და სამაშველო ჯგუფის წევრი, აბიდ ზენგინი.

მაშველები დაუღალავად მუშაობენ. ეს მათთვის ზედიზედ მეხუთე ღამე იყო, რაც ისინი ნანგრევებიდან გადარჩენილების ამოყვანას ცდილობენ. მოგვიანებით, მეხანძრეების ეს ჯგუფი კონიადან ანთაქიაში გადავიდა.

ახლა ისინი სხვა დანგრეული შენობების ქვეშ ეძებენ გადარჩენილებს. თურქეთსა და სირიაში ერთი კვირის წინ მომხდარი მიწისძვრის შედეგების ნახვა გამოცდილი მაშველებისთვისაც კი დამთრგუნველია. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ვითარებაა, მაშველები მტკიცედ დგანან. მათ ვერაფერი შეაჩერებს.

„ეს კოშმარია, ეს საშინელებაა… დავიღალეთ, მაგრამ მუშაობას ვაგრძელებთ”, – ამბობს კონიის მეხანძრეთა სამძებრო და სამაშველო ჯგუფის წევრი ებუბექირი.

ბევრი დრო კი აღარ არის. მთელი ქალაქის მასშტაბით სამაშველო სამუშაოები რამდენიმე ადგილას ერთდროულად მიმდინარეობს. იმ სამაშველო ჯგუფს, რომელმაც აქამდე ნანგრევებიდან 160-ზე მეტი ადამიანი ამოიყვანა, იმედი აქვს, რომ კიდევ ბევრ ადამიანს გადაარჩენს.

„ამ შენობის ნანგრევებში, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ადამიანია, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია. ჩვენი ძაღლი, გეცე, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში გვეხმარება. ველოდებით ინფორმაციას. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ მუსლიმანები ვართ და არასდროს ვკარგავთ იმედსა და ღვთის რწმენას. რა დროც არ უნდა გავიდეს, გავაგრძელებთ გადარჩენილთა ძებნას“, – ამბობს კონიის მეხანძრეთა სამძებრო და სამაშველო ჯგუფის წევრი.

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 33 000-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა. სტიქიის გარკვეულ ზონებში უკვე შეჰყავთ მძიმე ტექნიკა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend