მთავარისაქართველოშალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში წარადგინა

შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში წარადგინა

2022 წლის საპარლამენტო საქმიანობა შეაჯამა და ერთწლიანი ანგარიში წარადგინა 8 თებერვლის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. დეპუტატების წინაშე მან ყველა შეხვედრა, დელეგაციების ვიზიტები და საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, მინისტრების ანგარიშები ჩამოთვალა, რაც გასული წლის განმავლობაში ჩაიწერა მეათე მოწვევის პარლამენტის ისტორიაში.

„2022 წელს პარლამენტი პოლიტიკური ცხოვრების ცენტრი გახლდათ, სადაც 3-ჯერ ვუმასპინძლეთ პრემიერ-მინისტრს, 17-ჯერ – მინისტრებს, გაიმართა ანგარიშვალდებული ოფიციალური პირების 20 მოსმენა, დაიწყო 12 საკომიტეტო მოკვლევა, სახელმწიფო ინსტიტუტებს ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეებზე გაეგზავნა ათასობით შეკითხვა. საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური და ორგანიზაციული ფუნქციონირების გაუმჯობესების თვალსაზრისით, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პარლამენტში დამტკიცდა მედიის აკრედიტაციის წესი, რომელიც საუკეთესო ევროპულ გამოცდილების გათვალისწინებით, ორ ძირითად პრინციპს მოიცავს: მედიისათვის მუშაობის სათანადო პირობების შექმნა საპარლამენტო საქმიანობის შესახებ საზოგადოების სრული და დროული ინფორმირების მიზნით; პარლამენტის წევრებისთვის, აპარატის თანამშრომლებისა და პარლამენტის ვიზიტორებისთვის სათანადო სამუშაო გარემოს შენარჩუნების უზრუნველყოფას. აკრედიტაციის წესი, სრულად, მიმდინარე წლის 1 მარტიდან ამოქმედდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ფორმალური ნაწილის გარდა, პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციაზეც ისაუბრა. შალვა პაპუაშვილმა პოლიტიკური ოპონენტები რადიკალურ ქმედებებში, თანამშრომლობის ჩაშლასა და უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა. ასევე განმარტა, რატომ მიიღო მედიის წარმომადგენლების საქმიანობის შესახებ ახალი დადგენილება. პოლიტიკური ნაწილის შემდეგ კი მისი ანგარიშის ბოლო საკითხს, ევრორეკომენდაციების შესრულება წარმოადგენდა. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა თქვა, რომ საქართველომ, ხელისუფლების ყველა შტოს ჩართულობით, საკმარისად ნაყოფიერად შეასრულა მოთხოვნები.

„2022 წელი ისტორიული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში. ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანის შემდეგ, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებთან მჭიდრო კოორდინაციით, ჩაერთო ევროკომისიის მიერ ქვეყნის შესაფასებლად საჭირო კითხვარის შევსება. მთავრობის სწორი პოლიტიკური კოორდინაციის და ასობით საჯარო მოხელის დაუღალავი შრომის შედეგად, მომზადდა ცხრა ტომიანი მაღალი ხარისხის ნაშრომი, რომელიც 3600 გვერდს მოიცავდა. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა საჯარო მოხელეს, პარლამენტის თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის.

2022 წლის ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, რამაც განამტკიცა საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ. პარლამენტი უძღვებოდა ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების პროცესს დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. საერთო ჯამში, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად საქართველოს პარლამენტმა 82 კანონი მიიღო.

საქართველოს პარლამენტმა უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში“, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილის მიერ, საკუთარი საქმიანობის დადებითი თვითშეფასებისგან განსხვავებულია, პარლამენტში ბოიკოტს არ მიერთებული ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებები. მათმა უმეტესობამ, პარლამენტის საზედამხედველო მუშაობა გააკრიტიკა და თქვეს, რომ სამინისტროები და მინისტრები, ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვებსა და მოთხოვნებზე არ, ან მკვეთრად დაგვიანებით რეაგირებენ.

პარლამენტის თავმჯდომარის და ზოგადად საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა შეაფასეს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმაც. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ როგორც გუნდის ლიდერი კმაყოფილია და შალვა პაპუაშვილს წარმატებები უსურვა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, გამოსვლის მეორე ნაწილში 2023 წლის გეგმებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, კანონმდებლობის ზოგადი განახლების გარდა, პარლამენტის მთავარი სამიზნე, ევრორეკომენდაციების დარჩენილი მოთხოვნების შესრულება და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლის გაძლიერება იქნება. შალვა პაპუაშვილის ანგარიშს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend