მთავარისაქართველოპრეზიდენტის განცხადებას პოლიტიკოსები აფასებენ

პრეზიდენტის განცხადებას პოლიტიკოსები აფასებენ

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლითაც ის მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, პოლიტიკოსები აფასებენ.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 7 თებერვალს დაწერა, რომ ამ გადაწყვეტილებით საზოგადოებას წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა მიესაჯა. სალომე ზურაბიშვილმა შექმნილი კრიზისის გამო გააკრიტიკა ხელისუფლებაც და ოპოზიციაც და თქვა, რომ მათი ქმედებების გამო, ქვეყნის რეპუტაცია შეილახა და ნდობა შეირყა.

ხელისუფლების ოპონენტების ნაწილისთვის პრეზიდენტის განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ პრეზიდენტი ცდილობს, პასუხისმგებლობას გაექცეს.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის არშეწყალებით ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ქართველი ხალხისა და საზოგადოების ინტერესებს შეესაბამება. მათივე განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოების განწყობა კარგად გაიაზრა.

6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მას შემდეგ სალომე ზურაბიშვილს ბევრმა მოუწოდა, შეეწყალებინა მიხეილ სააკაშვილი, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, შეწყალების შედეგად მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება და ამით ქვეყანა თავის რეპუტაციას ვერ დაიბრუნებს.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend