მთავარისაქართველოსაქართველოს პარლამენტის მუშაობა პოლიტიკური ბოიკოტით განახლდა

საქართველოს პარლამენტის მუშაობა პოლიტიკური ბოიკოტით განახლდა

ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის ერთი საერთო მიზნით არა, მაგრამ სხვადასხვა პოლიტიკური დღის წესრიგით, მეათე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა განაახლა. პარლამენტის და შესაბამისად ხალხის მანდატის მფლობელ პარლამენტარებს ახლა ევრორეკომენდაციების შესრულებაზე მეტად, ისეთი საკითხები აქვთ მოსაგვარებელი, მაგალითად როგორიცაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის საპარლამენტო ბოიკოტი. საკანონმდებლო ორგანოში ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა ფრაქციამ, საპარლამენტო მუშაობა შეწყვიტა და ყველა დონეზე ბოიკოტი კვლავ გამოაცხადა. ამჯერად მიზეზი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გახდა, რომლის თანახმად, პატიმარ პრეზიდენტს სასჯელისგან ჰუმანიტარული მიზნით დროებით არ გაათავისუფლებენ.

„გუშინ, ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, რუსი ოლიგარქიული რეჟიმის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამების, არაადამიანური მოპყრობის და განზრახ მკვლელობის ფაქტი გაფორმდა. სასამართლოს დამოუკიდებლობა და სამართლიანობა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებით იზომება. ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო ფიქცია და პოლიტიკური შურისძიების იარაღია.

ამ ვითარებაში, როდესაც პოლიტიკური სივრცე აღარ არსებობს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებისთვის და ხელისუფლება მხოლოდ პოლიტიკური შურისძიების მოტივით მოქმედებს, „ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იღებს გადაწყვეტილებას და საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს, რაც გულისხმობს იმას, რომ არც პლენარულ სხდომებში, არც საკომიტეტო მოსმენებსა და სხვა საპარლამენტო ფორმატებში მონაწილეობას აღარ მივიღებთ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, ბოიკოტის გადაწყვეტილება მიიღო პარტიამ „სტრატეგია აღმაშენებელი“. პარტიაში მიიჩნევენ, რომ ქართულმა სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და მესამე პრეზიდენტს „სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს“. ამ ფონზე და ეს ოპოზიციური პარტია ვერ ხედავს საპარლამენტო მუშაობის გაგრძელების აზრს.

„მაშინ, როცა ე.წ. სასამართლომ გუშინ მიიღო, ფაქტობრივად, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის გადაწყვეტილება და პატიმრობაში დატოვება ნიშნავს წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას, არ შეიძლება ამას გულზე ხელდაკრეფილები შევეგუოთ. ჩვენთვის ეს არის იძულებით ნაბიჯი. ჩვენთვის მთავარი არის დღესაც, ევროპაში ინტეგრაცია, 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება, მაგრამ „ქართული ოცნება“ თანამშრომლობის არანაირ სივრცეს არ ტოვებს და თუ ვინმე არის რადიკალი, რადიკალი არის „ქართული ოცნება“, რადგან ადამიანს კლავენ. ადამიანის მკვლელობა არის რადიკალური ნაბიჯი.

ჩვენ ვწყვეტთ, ანუ ბოიკოტში გავდივართ იმ დრომდე, რომ შედგეს საერთო ოპოზიციური შეთანხმება შედგეს საერთო სამოქმედო საერთო გეგმასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

საპარლამენტო ბოიკოტს, ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ისტორიულ პერიოდში არ ეთანხმებიან სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები. მათი განცხადებით, საპარლამენტო საქმიანობაში ახალი პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ გაართულებს საქართველოში არსებულ საშინაო და საგარეო პრობლემებს და ვერც ბოიკოტის მომხრეები მიაღწევენ „პოლიტიკური გაბუტვით“ შედეგს.

“უმძიმესია, როდესაც ლიდერი პატიმრობაშია, მაგრამ ამას უნდა პოლიტიკური ბრძოლა და არა პოლიტიკური სივრციდან გაქცევა. ძალიან სამწუხაროა, რომ დიდი ხანია, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გადაწყვეტილებები და ნაბიჯები წინასწარ განჭვრეტადია „ქართული ოცნების“ მხრიდან და „ქართული ოცნება“ ახერხებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პროცესებს უკან დაედევნოს.

გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც პირდაპირ ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიების ობიექტი, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საუბარი, რომ გაიქცნენ ბრძოლის ველიდან, რასაც ჰქვია პარლამენტში ბრძოლა და პოლიტიკური გადაწყვეტილებები, პოლიტიკური შეცდომა და არასწორი გადაწყვეტილებაა”, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ.

„ქართული ოცნება“ მიესალმება „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას. მეტიც, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველა სხვა მსურველ დეპუტატსაც შეუძლიათ გაჰყვნენ ყოფილი სახელისუფლებო პარტიის გზას და ამით პარლამენტში „პოლიტიკური აურა გაიფილტრება“.

„გუშინ თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო მუშაობას – ასე იყო სიტყვასიტყვით ნათქვამი. დღეს უკან დაიხიეს, როგორც ჩანს, დაენანათ საპარლამენტო მანდატები და პრივილეგიები.

საბოლოო ჯამში, ეს მათი გადასაწყვეტია. მათ არც დარბაზში ყოფნით და არც დარბაზის გარეთ შეუძლიათ რაიმე წვლილის შეტანა ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის არ აქვს რაიმე არსებითი მნიშვნელობა, „ნაციონალური მოძრაობა“ სად იქნება – პარლამენტს გარეთ, ბოიკოტში თუ პარლამენტში. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და ამ დღის წესრიგით გავაგრძელებთ მოქმედებას. უკან რომ დაიხიეს, ეს მეტყველებს მათ არათანმიმდევრულობაზე, რაც კარგია.

ქვეყანაში არის სიმშვიდე, თუ არ ჩავთვლით ქარიშხალს ჭიქაში, რომლის დატრიალებასაც ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ახალი თავმჯდომარით, ბატონი ლევან ხაბეიშვილით.

ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა რადიკალები თუ არ იქნებიან სხდომათა დარბაზში, ეს მხოლოდ დადებითად აისახება საპარლამენტო სამუშაო პროცესზე. საპარლამენტო სამუშაო გარემო მეტად კონსტრუქციული იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

2023 წლის საპარლამენტო ცხოვრება კვლავ პოლიტიკური ბოიკოტით, პროტესტით და ურთიერთდაპირისპირებული დღის წესრიგით დაიწყო და გრძელდება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend