მთავარიევროპასერბეთისერბეთში მცხოვრები რუსების წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება რუსულ პოლიტიკასთან

სერბეთში მცხოვრები რუსების წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება რუსულ პოლიტიკასთან

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადის მთავარ მოედანზე, ათობით რუსი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგ შეიკრიბა. მათ ხმამაღლა გააპროტესტეს უკრაინაში მიმდინარე ომი და ასევე, რუსეთში პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს.

შეკრებილებმა ასევე გააპროტესტეს რუსული პროპაგანდისტული ტელევიზიის RT-ის სერბული ონლაინ პლატფორმის მუშაობაც. ეს მაუწყებელი ევროპის ბევრმა ქვეყანამ უკვე აკრძალა.

„მე სერბების დამოკიდებულება ვიცი რუსების მიმართ. ის ბევრად ლოიალური იყო 2000-იანი წლების დასაწყისში. თუმცა, ახლა სურათი შეიცვალა. ამის მიუხედავად, დიდია პროპაგანდის გავლენა. აქ, რუსული კარგად იციან. ამიტომ კრემლის პროპაგანდისტული არხები ცდილობენ, მოსახლეობის განწყობაზე გავლენას. ჩემი ამ დამოკიდებულების გამო, მუქარა უკვე მივიღე რუსეთიდან. მემუქრებიან ჩემი ოჯახის წევრების მიმართ ზეწოლით. ზოგიერთი მუქარა სიცოცხლის ხელყოფის ტექსტებს შეიცავდა. თუმცა, მე მათი არ მეშინია. ჯერჯერობით სერბეთში ვრჩები და აქედან ვიბრძოლებ“,- ამბობს რუსი აქტივისტი პიოტრ ნიკიტინი.

33 წლის ვებდეველოპერი არტემი, რომელიც სანქტ-პეტერბურგიდან არის, ამბობს, რომ ომის დაწყებიდან მალევე, ცოლთან და ორ შინაურ ცხოველთან ერთად, რუსეთი დატოვა და სერბეთში წამოვიდა.

„ეს ერთგვარი პროტესტი იყო, რადგან საერთოდ არ ვეთანხმები ამ ომს. ამის გამო, რუსეთში ვეღარ ვიცხოვრებდი. იქ რომ დავრჩენილიყავი, ახლა ციხეში მომიწევდა ყოფნა“,- აცხადებს არტემი, რომელიც გვარს უსაფრთხოების მიზნით არ ასახელებს.

მიგრაციის თითქმის იდენტური ისტორია აქვს 29 წლის დალაქს სტანისლავ შენკევიჩსაც, რომელიც რუსეთიდან გამოიქცა და ახლა ბელგრადის ცენტრში, სილამაზის სალონში სტილისტად მუშაობს.

„თავიდან არ ვფიქრობდი, რომ აქ დიდი ხნით დავრჩებოდი. სხვა გეგმა მქონდა. მაგრამ, რუსეთის პოლიტიკის გამო, აქ დარჩენა გადავწყვიტე. მალე ჩემი ცოლიც ჩამოვა და ალბათ აქ ვიცხოვრებთ. რუსეთში გაუსაძლისი ვითარებაა ამ უაზრო ომის გამო“,- ამბობს სტანისლავ შენკევიჩი – დალაქი რუსეთიდან.

სერბეთის მოთხოვნის გამო, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე მოსკოვმა უარი განაცხადა და თითქოს ჩანს, რომ რუსეთისთვის სერბეთს პოლიტიკური ვალი აქვს. პოლიტოლოგების აზრით, სწორედ ამის გამო ინარჩუნებს ბელგრადი თბილ და მეგობრულ ურთიერთობას პუტინთან და უარს ამბობს შეუერთდეს დასავლეთის სანქციებს. ამ პოზიციის მიუხედავად, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო მკაცრად აკრიტიკებს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც გვსურს მხარი დაუჭირონ სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას. როცა განხილვისას მეკითხებიან – ყირიმი უკრაინის ნაწილია თუ რუსეთის, მე ვპასუხობ – დიახ, ის უკრაინის ნაწილია. დონბასიც უკრაინაა. ჩვენ არ შევცვლით ჩვენს დამოკიდებულებას. დავიცავთ კიდეც ამ პოზიციას. თუმცა, აქვე უნდა ვთქვა, რომ ჩვენი მყარი პოზიციის მიუხედავად, გაეროს წევრმა ზოგიერთმა ქვეყანამ, სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას მხარი არ დაუჭირა“, – აცხადებს პრეზიდენტი ვუჩიჩი.

დასავლელი ლიდერები ვუჩიჩზე ზეწოლას აძლიერებენ, რადგან თუ სერბეთს ევროკავშირში გაწევრება რეალურად სურს, მაშინ საბოლოოდ უნდა გამოვიდეს რუსეთის გავლენებიდან. თავის მხრივ, სერბეთის მთავრობასა და სერბ ხალხზე პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ ზეწოლას არ წყვეტს რუსეთი. თუმცა, ერთი რამ ნათელია, ორ პოლიტიკურ მომავალს შორის საზღვარზე მდგარი სერბეთი ცდილობს, ნათელ მხარეს დადგეს. ყოველ შემთხვევაში რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე, მისი მთავრობის პოზიცია მყარი და გასაგებია.


უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend