ორდღიანი არჩევნები დასრულდა – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ახალი თავმჯდომარე ჰყავს – ხმათა უმრავლესობა ლევან ხაბეიშვილმა მოიპოვა. მას პარტიის დაახლოებით 41 ათასი წევრიდან ხმა 21 656-მა პირმა მისცა. უკვე ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიას კი 16 476-მა მხარდამჭერმა გამოუცხადა ნდობა. ბლოკჩეინის სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები საზოგადოებას პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ გააცნო.
„ნონა მამულაშვილი 1537 ხმა, რაც შეადგენს 3.73%, ნიკა მელია 16476 ხმა, რაც შეადგენს 40%-ს, გიორგი მუმლაძე 1516 ხმა, რაც შეადგენს 3.68% და ლევან ხაბეიშვილი 21 656 ხმა, რაც შეადგენს 52.58%-ს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ.
პარტიის ახალმა თავმჯდომარემ სამომავლო გეგმებზე უკვე ისაუბრა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ახლა მისი მთავარი მიზანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლაა. მან თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატებს თანამშრომლობა შესთავაზა.
„დღეიდან უკომპრომისო ბრძოლას ვიწყებთ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, მიხეილ სააკაშვილის და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. ხელს ვუწვდი თანამშრომლობისთვის ჩვენს მეგობრებს. ახლა ზეიმს არ ვაპირებთ, ვიზეიმებთ მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა გათავისუფლდება რუსი ოლიგარქიული რეჟიმისგან, პრეზიდენტ სააკაშვილთან, ნიკა გვარამიასთან და სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
უთანხმოებისა და კრიტიკის შემდეგ დღეს ნიკა მელიამ ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა. ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია რა როლი ექნება პარტიაში, თუმცა აცხადებს, რომ მმართველი პარტიის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს.
„რთულია, ნამდვილად ვინმეს ან დამარცხებული ან გამარჯვებული ვუწოდოთ. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ყველა ერთად გავიმარჯვებთ, ქართული საზოგადოება გაიმარჯვებს. დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში ბევრი ემიგრანტი დაბრუნდება. ამ ყველაფრის მიუხედავად, არჩევნები შედგა, მას კონკრეტული გამარჯვებული ჰყავს და მე მას ვულოცავ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნები დღის წესრიგში 2022 წლის ნოემბერში დადგა. 9 ნოემბერს პარტიის წევრთა ნაწილმა ახალი თავმჯდომარის არჩევნების ჩატარება მოითხოვა. არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ 4-მა კანდიდატმა გადაწყვიტა. არჩევნები ორი დღის განმავლობაში ელექტრონულად მიმდინარეობდა.
არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე წევრმა პარტიული თანამდებობა დატოვა, თუმცა მათი განცხადებით ისინი პოლიტიკური გაერთიანების რიგებში კვლავ რჩებიან.
„ვულოცავ მას გამარჯვებას, ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია ახლა, რომ ვიყოთ ერთიანები და ძლიერები, ვიაროთ საერთო მიზნისკენ“, – თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი მუმლაძემ.
„მე ვიკავებ საორგანიზაციო მდივნის პოზიციას, რომელსაც დღესვე ვთმობ იქიდან გამომდიანრე, რომ მოგებულ კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ნორმალურად დააკომპლექტოს ის გუნდი, რომელსაც მიიჩნევს, რომ წინ პლანზე უნდა იყოს. ეს ბუნებრივია, არ მინდა, ვინმემ ეს ბოიკოტად ჩათვალოს“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ.
„თავმჯდომარეს ვუსურვებ, რომ წარმატებით მართოს ეს პარტია და პარტიის კონსოლიდაცია მოახდინოს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ერთიანი ნაციონალური მოძრობის დამფუძნებელს რომელიმე კანდიდატის მხარდასაჭერი განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა მისი დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ პარტიამ ერთიანობა შეინარჩუნოს და გაძლიერდეს.
ანა ალელიშვილი