მთავარისაქართველოდაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად

დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წინანდლის მამულში საახალწლო მიღებაზე დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს უმასპინძლა. ეს ტრადიცია 2020 წელს ჩამოყალიბდა ფონდის მიერ. ბოლო ორი წლის განმავლობაში, პანდემიის გამო, ღონისძიება ვერ ტარდებოდა. წელს კი ფონდმა წინანდალში კვლავ შეკრიბა დაჭერილი მებრძოლები და მათი ოჯახის წევრები.

“ისინი ცდილობენ აღნიშნული დღეები თითოეულ დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს და მათ ოჯახებს გაულამაზონ, ახალი წელი, შობა, რომელიც ყველა ოჯახში ქართული ტრადიციის მიხედვით, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლის დასაწყისია, ნამდვილად საოცარი განწყობაა, მადლობას ვუხდი ამ ღონისძიებისთვის, იმიტომ რომ ნამდვილად გვჭირდება ჩვენ ასეთი ღონისძიებები, რომლებიც ერთმანეთის ნახვის საშუალებას, ერთმანეთთან ახალი წლის დღეების ემოციების გაზიარებას ხელს უწყობს, ურთიერთობას და ასე შემდეგ. ჩვენი სულიერი მდგომარეობის მოტივაციისთვის ნამდვილად საჭიროა ასეთი ღონისძიებები. პირველ რიგში ხელს უწყობს თითოეულს, როგორც დაჭრილ სამხედრო მოსამსახურის ცხოვრებაში, ასევე მისი ოჯახის წევრების ცხოვრებაში და მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ყოველი დღე ასეთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს აჯანსაღებს ყველაფერს ურთიერთობაში. მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, ყველა სამხედროს, მეომარს ჯარისკაცს, ვუსურვო წინსვლა, წარმატება და ჯანმრთელობა. გვენახოს ჩვენი ქვეყანა გამთლიანებული. ესა ჩვენი უმთავრესი მიზანი”, — ამბობს პოლკოვნიკი მიხეილ ქუთათელაძე.

“მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო სრულიად საქართველოს 2023 წელი, ახალი წელი. მინდა ბედნიერების, სიკეთის და ხვავის მომტანი ყოფილიყოს. ასევე მინდა თავდაცვის ძალებს მივულოცო და ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო. დაჭრილ დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა ფონდს, მათ დამფუძნებლებს მივულოცო ახალი წელი, დაფუძნების დღიდან ეს ფონდი გვიდგას გვერდში და გვერდში დგომას ამას ყოველდღიურად ვგრძნობთ. მეც პირადად აი ამ წუთას რო იტყვიან დაფინანსებული მაქვს რეაბილიტაციის კურსი, გავდივარ სისტემატურად, რაც შეეხება ფსიქოლოგიურ გვერდში დგომას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა სამხედრო დაკარგავ ყველაზე ძვირფასს, ჯანმრთელობას, და როცა გრძნობ რომ არის შენს ქვეყანაში ისეთი კატეგორია ხალხის, რომელიც გვერდში გიდგანან და გაფასებენ, ეს დიდ მოტივაციას გვაძლევს და ყოველდღიურად ჩვენი ცხოვრება უფრო ადვილდება და ჩვენი პრობლემები გვავიწყდება, ეს დიდი დაფასებაა”, — ამბობს სერჟანტი გიორგი ძებისაშვილი.

2023 წელი იწყება და, დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს დიდი მიზნები აქვს. წელს ფონდი ბრიტანეთის საელჩოსთან იწყებს თანამშრომლობას, ეს უკანასკნელი დაჭრილი მებრძოლებისა და ვეტერანების არასრულწლოვან შვილებს ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს დაუფინანსებს.

ამერიკული კომპანია Silk Road Wines Foundation წელსაც უდგას დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს გვერდში და, როგორც გასულ წელს, ფლორიდაში ჩატარებული საქველმოქმედო ღონისძიებისას მოგროვებული თანხის ნაწილი ფონდს ქართველი მებრძოლების დახმარებისთვის გაუნაწილა. წელს ფონდი გეგმავს, უფრო მასშტაბური გახადოს ის დახმარება, რომელსაც დაჭერილი მებრძოლების ოჯახის წევრები იღებენ და  უფრო მეტი დრო დაუთმოს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის საკითხს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც ფონდმა გასული წლის მიწურულს გააჟღერა, არის მსოფლიოში ცნობილ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ Invictus Games Foundation-თან თანამშრომლობა. ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ „ძლიერთა თამაშებში” ჩვენი ქვეყანა 2014 წლიდან იღებს მონაწილეობას. ფონდმა ინვიქტუსისგან მიიღო გრანტი რომლითაც ქართველი დაჭრილი მებრძოლების გუნდისთვის  შეიძენს მჯდომარე კალათბურთის ეტლებს.  გუნდი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და მუდმივად ვარჯიშობს, რომ შეჯიბრებებისთვის მზადყოფნაში იყოს. ეს თანამშრომლობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის ისტორიაში. ეს იქნება თანამედროვე ეტლები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დაჭრილმა  მებრძოლებმა სათანადო მომზადება გაიარონ და ღირსეულად გამოვიდნენ აღნიშნულ ტურნირზე. 2023-ში დიუსელდორფში გაიმართება „ძლიერთა თამაშები“, სადაც ჩვენი დაჭრილი მოსამსახურეები ტრადიციულად მიიღებენ მონაწილეობას.

ვეტერანებსა და დაჭრილ მებრძოლებზე ზრუნვისათვის ფონდი 2018 წელს დააფუძნა სილქნეტმა, მას შემდეგ, კომპანია ფონდში ყოველწლიურად 300 000 ლარს რიცხავს. დაფუძნების დღიდან, ამ პროექტის მიზანია, რომ ვეტერანებსა და დაჭრილ მებრძოლებზე ზრუნვის საქმეში საზოგადოება, ბიზნესი და მთავრობა გააერთიანოს. დღემდე ფონდმა დაჭრილი მებრძოლების საჭიროებებს 2 მილიონ სამასი ათას ლარამდე თანხა მოახმარა.

2023 წლის საქმიანობისთვის ფონდში ამ დროისთვის შესული დონაციები უკვე 190 000 ლარს შეადგენს. ამას ემატება სილქნეტის ყოველწლიური შენატანი, 300 000 ლარიც.

რაც შეეხება გასულ წელს, შარშან ფონდში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მოგროვდა, რითაც 52 დაჭრილ მებრძოლს აღმოუჩინეს დახმარება. საზღვარგარეთ ჩატარდა ოპერაციები, მებრძოლების ოჯახის წევრებს დაუფინანსდათ სასწავლო კურსები, სამედიცინო მომსახურება და არა მარტო.

ფონდის მეგობრების რაოდენობა კი წლიდან წლამდე იზრდება და დღითიდღე უფრო მეტი ადამიანი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, ერთვება სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანების გვერდში დგომის საქმეში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend