მდინარე მიურეი სამხრეთ ავსტრალიაში გამდინარე ერთ-ერთი წყალუხვი და დიდი კალაპოტის მქონეა. ამ დროს კი კონტინენტის ამ ტერიტორიაზე მაღალი მთებიდან თოვლის დნობის შედეგად, წყლის დიდი ნაკადი ჩამოედინება.
სწორედ მთიდან იღებს სათავეს მდინარე მიურეიც. რამდენიმე დღის განმავლობაში წყლის დონის მკვეთრმა მატებამ, მიურეის კალაპოტიდან გადასვლა და ირგვლივ მდებარე დასახლებების დატბორვა გამოიწვია. დატბორვის შემდეგ კი, მოსახლეობა სასწრაფოდ უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
„სახლის ირგვლივ ყველაფერი დაიტბორა, გასასვლელი არ არის. ახლა ჩვენ ნავი გვჭირდება, რათა სახლში შევიდეთ და საჭირო ნივთები ავიღოთ. დატბორვის მიუხედავად, იმედია სახლი გადარჩება. ეს სახლი 1903 წლიდან დგას აქ და ჩემი ოჯახის საკუთრებაა. არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს რთული პერიოდი“, – ამბობს რენმარკის დასახლების მკვიდრი ლორი რუსი.
შტატის პრემიერის პიტერ მალიუნასკასის თქმით, ასეთი წყალდიდობა ამ მდინარისგან 50 წლის განმავლობაში არ ახსოვთ. მისივე განცხადებით, შტატის მთავრობა ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ზარალის შესამცირებლად.
„იმის მიუხედავად, რომ 1956 წელს გაცილებით დიდი წყალდიდობა იყო, მას შემდეგ ეს ყველაზე დიდი დატბორვაა. სამხრეთ ავსტრალიისთვის ეს დიდი მოვლენაა. ვმუშაობთ, რომ მოსახლეობა უსაფრთხოდ იყოს. შემდეგ ზარალს დავითვლით“, – აცხადებს პიტერ მალიუნასკასი.
ჩვეულებრივ, მდინარე მიურეის კალაპოტის ცვლილება რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება. თუმცა, ახლა გარემოს ექსპერტებს უჭირთ იმის თქმა, რამდენ ხანს გაგრძელდება წელს ეს პროცესი. მწვერვალებზე თოვლის დნობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.