ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესის სპეციალური საგამოძიებო კომიტეტი 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმის საქმეს იკვლევს.
ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგამოძიებო კომიტეტს ჯადოქრების სასამართლო უწოდა. თუმცა 18-თვიანი გამოძიების, მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენების შემდეგ კონგრესის კომიტეტმა ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ოთხი ბრალდების რეკომენდაციას ერთხმად დაუჭირა მხარი.
“ჩვენ ისტორიიდან გვახსოვს, რომ ყველა პრეზიდენმა მომდევნო პრეზიდენტს ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა, ერთის გარდა. 2021 წლის 6 იანვარი იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკელმა პრეზიდენტმა უარი თქვა კონსტიტუციურ მოვალეობაზე, მშვიდობიანად გადაეცა ძალაუფლება. იმ მომენტში ასე არავინ მოიქცეოდა. მას აღარ უნდა ჰქონდეს უფლება, ემსახუროს ჩვენს ქვეყანას. მაღალი თანამდებობისთვის ის შესაფერისი კანდიდატი არ არის”, – განაცხადა საგამოძიებო კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარემ ლიზ ჩეინმა.
საგამოძიებო კომიტეტში მიაჩნიათ, რომ 2020 წლის არჩევნების გასაუქმებლად ტრამპმა უკანონო შეთქმულება მოაწყო. კომიტეტის წარმომადგენელთა განცხადებით, არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ კაპიტოლიმზე თავდასხმა ტრამპის წაქეზებული იყო. საქმე ახლა გადაეცემა იუსტიციის დეპარტამენტს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, დაისჯება თუ არა ყოფილი პრეზიდენტი. დეპარტამენტი არ არის ვალდებული, რომ ეს რეკომენდაცია სრულად გაითვალისწინოს.
გასულ თვეს დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. იგი დარწმუნებულია, რომ გაიმარჯვებს. თუმცა მას ბევრი დაბრკოლება შეექმნება. ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკის სასამართლომ ტრამპის ორი კომპანია თაღლითობაში დაადანაშაულა.