საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის „ვივამედში“ გადაღებული და შემდეგ სპეციალური პენიტენციურ სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრები თავად მიხეილ სააკაშვილმაც ნახა და ამის შესახებ ადვოკატს დღეს, 15 დეკემბერს, კლინიკიდან წერილიც გამოატანა. ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მსჯავრდებულთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება ამ ჩანაწერების გავრცელებით თავად არღვევს მსჯავრდებულის უფლებებს.
„გუშინ, სისტემამ მთელი მსოფლიოს დასანახად „გაიფარჩაკა“ ბოლომდე თავი. მე მინდა მივმართო ყველას, ვინც თავს ღირსების მქონე ადამიანად მიიჩნევს. თქვენი ადამიანურობის იმედი მაქვს. მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში, რუსეთის ჩათვლით, გინახავთ ასეთი სიველურე და უმსგავსობა? ყველაზე მეტად მეცოდება მედპერსონალი, რომელიც ყაჩაღთა ბანდას აყვანილი ჰყავს მძევლად და ყველანაირად ატერორებს. მე რაც არ უნდა მომივიდეს, ექიმებს ამაში ყველაზე ნაკლები დანაშაული მიუძღვის და ნურავინ შეეცდება მათ ხელი შეაწმინდონ. რაც შემეხება მე, შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენი დაანონსებული მკვლელობის გეგმა, მაგრამ გატეხვით ვერ გამტეხავთ“ – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც მედიას მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ გააცნო.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ დღეს განმარტებები გააკეთეს დიპლომატებმა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
„მთავრობას აქვს ვალდებულება უზრუნველყოს, რომ მისი უფლებები იყოს დაცული. იღებდეს საჭირო სამედიცინო მომსახურებას, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ჰქონდეს სამართლიან სასამართლოს უფლება. ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა. მიმდინარეობს სასამართლო მოსმენა – სამართლებრივი პროცესი უნდა წარიმართოს ადამიანის ძირითადი უფლებების შესაბამისად, პირადი ცხოვრების დაცვით, ისევე, როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლებით“ – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
ევროკავშირის ელჩისთვის საქართველოში, პაველ ჰერჩინსკისთვის, გაუგებარი აღმოჩნდა, რატომ ვერ მოხერხდა გუშინ, 14 დეკემბერს, სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვის უზრუნველყოფა. დიპლომატი ამბობს, რომ 21-ე საუკუნეში, მსჯავრდებულს სასამართლოს წინაშე წარდგენის შესაძლებლობა უნდა მიეცეს.
„ევროკავშირი ძალიან შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით. ჩვენ ეს საკითხი დავაყენეთ შესაბამის ორგანოებთან, საქართველოში. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ მისი, როგორც პატიმრის, როგორც ბრალდებულის, ყველა უფლება სრულად იყოს დაცული. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ 21-ე საუკუნეში მას სასამართლოს წინაშე წარდგომის ნება მიეცემა. რთულია იმის გაგება, რატომ არ იყო სასამართლოზე მისი გამოჩენის შესაძლებლობა. იმედი მაქვს, ტექნიკურად ამის შესაძლებლობა იქნება, რომ ის ონლაინ ჩაერთოს, რადგან მისი უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული“ – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.
მმართველ პარტიაში დღეს თქვეს, რომ იუსტიციის სამინისტროს „ვივამედში“ გაკეთებული ჩანაწერების გასაჯაროება ე.წ. ყალბი კამპანიების გამო მოუწია. ქართული ოცნების თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ამ კადრების გავრცელებით, უწყებას სამართლებრივად არაფერი დაურღვევია.
„ჯერ იყო ფეიკ-კამპანია ე.წ. წამებასთან დაკავშირებით, ამის გამო მოუწია მაშინ იუსტიციის სამინისტროს კადრების გამოყენება და მაშინაც იყო ეს არაერთგვაროვანი გამოხმაურებები. მეორე იყო ფეიკ-კამპანია შიმშილობასთან დაკავშირებით. მაშინაც მოუწია იუსტიციის სამინისტროს კადრების გამოქვეყნება, სადაც ჩანდა, რომ სინამდვილეში სააკაშვილი არ შიმშილობდა. შემდეგ წამოვიდა მესამე ფეიკ-კამპანია, რაც უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილის ე.წ. ნელ სიკვდილს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე აანონსებს. ამასაც სჭირდებოდა პასუხი და აქაც მოუწია იუსტიციის სამინისტრო პასუხის გაცემა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის სამართლებრივად წელში გამართული“ – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობაიძემ.
თავად სპეციალური პენიტენციური სამსახური მესამე პრეზიდენტისთვის გადაღებული ვიდეოკადრების გასაჯაროებას საზოგადოების მაღალი ინტერესით ხსნის. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ვიდეომასალაში მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სიმულაციური ქმედებები ჩანს.
მესამე პრეზიდენტისთვის კლინიკაში გადაღებული კადრების გასაჯაროების შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველის აპარატმა – განცხადებაში წერია, რომ გავრცელებული კადრები არ შეიცავს მკაფიო მტკიცებულებებს პაციენტის მხრიდან რაიმე სახის სიმულაციის თაობაზე.
„მითითებული თარიღების მიხედვით ჩანაწერების უმრავლესობა 2022 წლის ოქტომბრის დასაწყისში ან წინა პერიოდშია გადაღებული. სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, პატიმრის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა სწორედ ოქტომბერ-ნოემბერში. აღსანიშნავია რომ პაციენტის მკურნალი ექიმების გადმოცემით, 2022 წლის 4 ოქტომბერი არის ის დღე, როდესაც გასვლითი სასამართლო პროცესის გამართვის მცდელობა იყო მიხეილ სააკაშვილის პალატაში, რასაც მისი განსაკუთრებული ემოციური რეაქცია მოჰყვა და სამედიცინო მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება სწორედ ამ დღის შემდეგ დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით 6 დეკემბრის მდგომარეობით გაცილებით დასუსტებულია და ამასვე ადასტურებს ვიდეო ჩანაწერების ბოლო მონაკვეთი“ – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის მოხდის ან სასჯელის გადავადების შესახებ სასამართლომ 22 დეკემბერს უნდა იმსჯელოს. ჯერ არ არის ცნობილი, შეძლებს თუ არა პენიტენციურ სამსახური ტექნიკურად უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა სასამართლო პროცესზე.
ნანუკა მეშველაშვილი