დღეს, 15 ნოემბერს საქართველოში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰემი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს პარლამენტის წევრებს შეხვდა.
ევროკომისარმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული პრესკონფერენციის დროს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ “ისტორია არასდროს იძლევა ერთი და იგივე შანსს ორჯერ, ამიტომ უნდა ვტაცოთ ამ შესაძლებლობას ხელი და გავხადოთ რეალობა.“
მან განმარტა, რომ საჭიროა ეროვნული კონსენსუსი ყველა რეკომენდაციაზე და იმედი გამოთქვა, რომ ყველა პარტია დაინახავს ამ უნიკალურ შესაძლებლობას, რადგან ძალიან სამწუხარო იქნება თუ საქართველო ამ შანსს ვერ გამოიყენებს.
“მე ხმას მივაწვდენ პარლამენტის ყველა წევრს, შევხვდები პარლამენტის თავმჯდომარეს, პოლიტიკურ გუნდს და ჩემი გზავნილი იქნება იგივე – ჩვენ გვჭირდება ეროვნული კონსენსუსი 12-ვე პრიორიტეტზე. ეს ყოველთვის ასე იყო ნებისმიერი კანდიდატის შემთხვევაში. ჩემი ქვეყანა რომ ავიღოთ, უნგრეთშიც ეროვნული კონსენსუსი შემადგენელი იყო, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ ბრძოლას და კონიუნქტურას. ეს არის მიზანი, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი თაობა. ამიტომ იმედი მაქვს, მე მექნება კარგი ამბები საქართველოდან ბრიუსელისკენ წასაღები. პარლამენტი არის მნიშვნელოვანი ასპექტი ამ თანხმობაში. ეს არის მნიშვნელოვანი დიდი რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. პარლამენტის კომპეტენციაში და მანდატში შედის ბევრი საკითხი. ამიტომ მოგვიწევს მუშაობა ერთად. იმედი მაქვს, ეროვნული კონსენსუსის შედგება იმ ყოველდღიური, რუტინული საკითხების მიღმა. რა თქმა უნდა, მზად ვართ, დაგეხმაროთ ამ პროცესში. იმედი მაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია დაინახავს, რომ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, უნიკალური შეთავაზება საქართველოსთვის. სამწუხარო იქნება, თუ ამ შანსს ვერ გამოიყენებთ“, – განაცხადა ვარჰეიმ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მართველი პარტიისა და ქართველი ხალხის მკაფიო სურვილს წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანება და ამისთვის მთავრობა პარლამენტთან ერთად ბევრს მუშაობს. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ქვეყანაში ეკონომიკის ზრდასა და იმაზე, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად მმართველი პარტია ძალღონეს არ იშურებს, თუმცა ოპოზიცია ამ პროცესში ჩართული არ არის. მისი თქმით ოპოზიციის მიზანი არ ყოფილა და არ არის საქართველოს წარმატება ევროპულ გზაზე.
„პირველი პრიორიტეტი, რომელიც განისაზღვრა ევროპული საბჭოს მიერ არის დეპოლარიზაცია, ანუ პოლარიზაციის დასრულება საქართველოში, რაც საკმაოდ რთული ამოცანაა და ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია ოპოზიციის ჩართულობის გარეშე. დანარჩენ 11 რეკომენდაციაზე ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ. რაც შეეხება ოპოზიცის მიზანს, მე არ მინდა ბატონი კომისარი დავტვირთო დეტალებით, თუმცა მოკლედ ვიტყვი, რომ სამწუხაროდ, მათი მიზანი არ ყოფილა და არ არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროპულ გზაზე. ბატონ კომისარს მინდა ეს ინფორმაცია მივაწოდო, რომ დადასტურებული ინფორმაცია მივიღეთ ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ მაშინ, როცა ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით, ჩემი პირველი პრემიერობის დროს, უვიზო რეჟიმზე, მაშინაც, სამწუხაროდ, ოპოზიციის ლიდერები დადიოდნენ ბრიუსელში ერთადერთი მესიჯით, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყანას არ მიეღო უვიზო რეჟიმი. ჩვენ ვნახეთ როგორ მოიქცა ივნისში ჩვენი ოპოზიცია, როცა მათი მხარდამჭერი ევროპელი პარტიების წარმომადგენლები გაერთიანდნენ და მიიღეს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუცია. ეს ხდება მაშინ, როცა ევროპულ საბჭოს უნდა მიეღო ისტორიული გადაწყვეტილება, ეს იყო საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და რა თქმა უნდა, ამ შედეგს მივიყვანთ ბოლომდე“, – განაცხადა პრემიერმა.
პრესკონფერენციის შემდეგ ოლივერ ვარჰეი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა დეპოლარიზაციის დაძლევის მნიშვნელობას და ევროკომისარმა მზაობა გამოთქვა, ევროკავშირი დაეხმაროს საქართველოს ყველაფერში, რაც მის ევროკავშირში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
ოლივერ ვარჰეი ქვეყნის პირველ პირებთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარესა და სხვა წევრებს შეხვდა, მათ შორის ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, მათთან 12-ვე რეკომენდაციის შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.
“ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი მნიშვნელოვან დროს, ეს ვუთხარი კიდეც კომისარს, რომ ფაქტობრივად, პროცესის შუაგულში ჩამოვიდა საქართველოში. მასთან შეხვედრის შემდეგ ყველა ვბრუნდებით დარბაზში და განვიხილავთ კანონპროექტებს, რომელიც სწორედ ამ 12 პუნქტს ეხება. მთავარი გზავნილია, რომ დღეს არ არის წუწუნისა და კინკლაობის დრო, დღეს მნიშვნელოვანია ის, რომ კონცენტრირდეს ყველა საერთო ეროვნულ ამოცანაზე, რასაც ჰქვია 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხზე მუშაობა. მისი დამოკიდებულება ცნობილია, ის არის ჩვენი წინსვლის გულშემატკივარი ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, სწორედ ეს იყო გზავნილი, რომ ჩვენ, ჩვენი მხრივ, მას მივცეთ ამის შესაძლებლობა, რომ წინსვლის დახმარება მისგან კიდევ უფრო ინტენსიური იყოს. მოვახსენეთ, სად ვდგავართ დღეს კანონპროექტების კუთხით, რა გეგმები გვაქვს. მან დააფასა, რომ ვცდილობთ სწრაფად ვიმუშაოთ, ვუთხარი, რომ ჩვენი მიზანია ჩვენ მხარეს გადმოსროლილ ბურთს რაც შეიძლება მალე ვუპასუხოთ და ევროკავშირს მივაწოდოთ უკან იმისთვის, რომ ევროკავშირისგან გვქონდეს ჩვენი პროგრესის შეფასების მოლოდინი. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელობას ეკონომიკურ კონტექსტშიც, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი ნაწილის იმისთვის, რომ ენერგომატარებლების ალტერნატიული გზები და მიწოდება მოხდეს ევროკავშირისთვის. ეს მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რომელიც საქართველოს ევროკავშირისთვის აქვს, რაც დამატებით როლს ანიჭებს საქართველოს“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა
“დიპლომატიურ ენაზე, თუმცა ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ 12-ვე რეკომენდაცია უნდა შესრულდეს. მნიშვნელოვანი იყო საუბარი იმაზე, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი, რომლის გამოყენებაც ხელისუფლებას ოპოზიციის წინააღმდეგ სურს, უნდა გაეგზავნოს ვენეციის კომისიას. ამ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა ამ დღეებში არის დაგეგმილი და ხელისუფლება ვენეციის კომისიისთვის ამ დოკუმენტის გაგზავნას არ აპირებს. ეს ნიშნავს, რომ არ შესრულდება დელიგარქიზაციის რეკომენდაცია. ძალიან მალე იქნება ევროკომისიის მხრიდან საბოლოო შეფასება და ჩვენი აზრით, ამ ხელისუფლების პირობებში, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის პირობებში, საქართველოს ხელისუფლება არ შეასრულებს 12 რეკომენდაციას.” – განაცხადა აკაკი მინაშვილმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა.
ოლივერ ვარჰეის განცხადებით ევროკავშირში ხედავენ პოზიტიურ ძვრებს სასამართლო სისტემის მიმართულებით, ასევე კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, თუმცა უფრო მეტი მუშაობა არის საჭირო და აუცილებელია, როგორც დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება ასევე ქვეყანაში დეპოლარიზაცია.
ანანო ღუდუშაური