ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას ემუქრება და ახსენებს, რა დაემართა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს. ირაკლი კობახიძის განცხადებას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. ამ განცხადებაში წერია, რომ სურს, ამ მუქარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ქართულ საზოგადოებას. მისივე თქმით, არსებობს წინასწარი ინფორმაცია, რომ რობერტ ფიცოზე თავდასხმის უკან იკვეთება ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი, რომელიც გლობალური ომის პარტიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული.
„როდესაც „გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში ახსენებენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა და ამჟამადაც მკურნალობს, ეს ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია. ხაზს გავუსვამ იმასაც, რომ წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან იკვეთება ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი, რომელიც გლობალური ომის პარტიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული”, – წერია განცხადებაში.
ირაკლი კობახიძის განცხადებაში ასევე წერია, რომ გლობალური ომის პარტიის სახით საქმე აქვთ უაღრესად საშიშ ძალასთან, რომელიც საქართველოში არეულობის შემოსატანად ყველაფერზეა წამსვლელი.
“დარწმუნებული ვარ, მათ გეგმებს არც ამჯერად უწერია წარმატება და საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას და პოლიტიკურ სტაბილურობას, რაც ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობაა”, – წერს საქართველოს პრემიერი.