ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან და დეპუტატებთან ერთად, შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულება, ასევე საქართველოში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება განიხილა.
აუდიენციის შემდეგ ევროკომისარმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე დაწერა –
„მოხარული ვარ, რომ დეპუტატები პარლამენტში დაბრუნდნენ, ეს არის ადგილი, სადაც დებატები უნდა გაიმართოს. ახლა ყველა პარტიამ ხელი უნდა მოაწეროს 19 აპრილის შეთანხმებას და მის განხორციელებაზე იმუშაოს. ასევე განვიხილეთ გასული ორი დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები. ძალადობა და ვანდალიზმი სრულიად მიუღებელია. გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს და ძალადობით ან დისკრიმინაციით არ უნდა დაბრკოლდეს. მადლობელი ვარ პარლამენტის, ევროკავშირის დროშის კუთვნილ ადგილზე დაბრუნებისთვის“, – წერს ოლივერ ვარჰეი.
პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თქვეს, რომ ევროკავშირი საქართველოს დახმარებას აგრძელებს.
„ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო. ამ შეხვედრამ ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოს ევროკავშირის მხრიდან აქვს ძალიან ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა. ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რაც ბატონმა ვარჰეიმ გაგვიზიარა ისაა, რომ ევროკავშირი მუშაობს საქართველოს ეკონომიკური მხარდაჭერის 4-წლიან გეგმაზე, ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს წინაშე არსებობს. პირველ რიგში, ეს არის ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, ვისაუბრეთ ჩვენს თანამოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან. რა თქმა უნდა, ძირითადი დრო დაეთმო საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებზე და პარლამენტის საქმიანობაზე საუბარს. ასევე მიშელის გეგმის განხორციელებას, სადაც, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ევროკავშირის მხრიდან სრული მხარდაჭერა“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო ოპოზიციამ ევროკომისარს უთხრა, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას სათანადოდ არ ასრულებს და პარტნიორებს მეტი ყურადღების გამოჩენა თხოვა.
„ევროკომისართან იმაზე ვისაუბრეთ, რომ აუცილებელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში, რაც დღეს შეწყვეტილია კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვის და იმის გამო, რომ შარლ მიშელის შეთანხმება არ ხორციელდება ისე, როგორც იქ არის გაწერილი. აქ ევროკავშირის, ამერიკისა და ჩვენი პოზიცია ემთხვევა, რომ მოსამართლეების პროცესი ხორციელდება დარღვევით”,- “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
ამ შეხვედრიდან ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოს თითქმის 4 მილიარდ ევროს გამოუყოფს. ეს თანხა ძირითადად მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ ზრდაზე დაიხარჯება.
ალეკო გვეტაძე