მთავარისაქართველო„დელტა“ იგივე ინდური შტამი

„დელტა“ იგივე ინდური შტამი

საქართველოში ინდური შტამი 10%-დან 20%-მდეა გავრცელებული

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4,02%-ია. ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 1 ივნისის შემდეგ რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. ასევე მაღალია კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვიც. ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ით ინფიცირებული 22 პაციენტი გარდაიცვალა. ამავდროულად, ქვეყანაში დელტა ანუ ინდური შტამის შემთხვევები იმატებს.

საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი, ანუ დელტა ვარიანტი ან „ორმაგი მუტანტი“, როგორც მას მსოფლიოში უწოდებენ, კიდევ 7 პირს დაუდასტურდა და მათი რაოდენობა 27-მდე გაიზარდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინდური შტამი, რომელიც სხვა შტამებთან შედარებით გაცილებით უფრო სწრაფად ვრცელდება და მოკლე დროში აინფიცირებს ბევრ ადამიანს, ქვეყანაში 10%-დან 20%-მდეა გავრცელებული.

„ეს მოსალოდნელი იყო, რამდენადაც „დელტა“ შტამი ბრიტანეთშიც და ევროპის სხვა ქვეყნებშიც ანაცვლებს „ბრიტანულ“ შტამს და უფრო ინტენსიურად ვრცელდება.  დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 85 ქვეყანაშია დაფიქსირებული  ეს შტამი. ამიტომ მეტი სიფრთხილე გვმართებს“, – ამბობს ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში 400-ზე მეტ ტურისტს დაუდასტურდა ვირუსი. უცნობია, იყვნენ თუ არა ინფიცირებულები მაშინ, როდესაც მათ საზღვარი გადმოკვეთეს. არსებობს ეჭვი, რომ მსოფლიოში არსებული ტურისტული კომპანიების ნაწილი პისიარტესტის უარყოფით პასუხსა და ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელ დოკუმენტაციას აყალბებს.

„მიდის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ტურისტს, რომელიც საქართველოში შემოდის, მიუხედავად იმისა, ვაქცინირებულია თუ არა, უნდა უტარდებოდეს პისიარტესტირება. ვგეგმავთ, რომ ტესტირების სქემა კიდევ უფრო გააქტიურდეს, ორი დოზით აცრილებმაც კი ტესტირება უკვე საზღვარზე უნდა ჩაიტარონ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ამ დროისთვის არსებული ბოლო ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური სულ რამდენიმე დღეში დადებს დასკვნას, რის შემდეგაც საზოგადოებისთვის ნათელი უნდა გახდეს,  დაიკარგა თუ არა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 5 ათასამდე დოზა. აუდიტის სამსახური ვაქცინების ძიების პროცესში 24 ივნისს ჩაერთო.

„აუდიტის დასკვნა ჯერ ჩვენ ხელთ არ გვაქვს, შესაბამისად, საკმარისი მტკიცებულების  გარეშე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მეც ველოდები აუდიტის დასკვნას. მე დავპირდი მოსახლეობას, რომ გავასაჯაროებთ ამ დასკვნას და აუდიტის სამსახური თავად გააკეთებს კომენტარს ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა.

საქართველოში დღეისათვის 244 ამცრელი ბრიგადა მუშაობს. მათ დღეში 60 პირის აცრა შეუძლიათ. შესაბამისად, ქვეყანაში დღეში 15 ათასი პირის აცრა იქნებოდა შესაძლებელი, საკმარისი ვაქცინები რომ ყოფილიყო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ივლისში საქართველოში 4 სხვადასხვა ვაქცინის მილიონზე მეტი დოზა შემოვა და მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება. ამ დროისთვის უწყება ამცრელი ბრიგადების რაოდენობის გაორმაგებას გეგმავს.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend