მთავარიგადაცემებიგლობალური საუბარიევროკომისარი ვირგინიუს სინკევიჩიუსი - გარემოს დაბინძურება რომ აღიკვეთოს, აჯობებს, საქმე დაბინძურებამდე არც...

ევროკომისარი ვირგინიუს სინკევიჩიუსი – გარემოს დაბინძურება რომ აღიკვეთოს, აჯობებს, საქმე დაბინძურებამდე არც მივიდეს

როგორც ევროპა, ისე  ზოგადად მთელი მსოფლიო იძულებულია კლიმატის ცვლისა და დაბინძურების პრობლემები უფრო სწრაფად გადაჭრას. ევროკომისარი გარემოს დაცვის, საზღვაო საქმეთა და მეთევზეობის საკითხებში ვირგინიუს სინკევიჩიუსი „ევრონიუსთან“ ინტევრიუში ღიად საუბრობს, თუ რა საფრთხეს უქმნის კლიმატური პრობლემები ადამიანს და რას გულსიხმობს ევროკავშირის ნულოვანი დაბინძურების ამბიციური გეგმა.

თქვენ საკმაოდ ამბიციური გეგმები გაქვთ ნიადაგის, ზღვისა და ჰაერის დაბინძურების აღკვეთის მიმართულებით. მაინც როგორ აპირებთ მათ განხორციელებას?

ვირგინიუს სინკევიჩიუსი, ევროკომისარი გარემოს დაცვის, საზღვაო საქმეთა და მეთევზეობის საკითხებში:

„როგორც თქვენ აღნიშნეთ, გარემოს დაბინძურება რომ აღიკვეთოს, აჯობებს, საქმე დაბინძურებამდე არც მივიდეს, რადგან დაბინძურების მერე ვითარება რთულდება. აი, სწორედ ამ ეტაპზე ვართ ახლა. გარემოს დაბინძურების გამო ხალხი ნაადრევად იხოცება, ვრცელდება სხვადასხვა დაავადება, ირღვევა ეკოსისტემა. და ეს ყველაფერი სხვაგან კი არა,  აქ, ევროპაში, ხდება. ამიტომ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. ბედნიერი ვარ, რომ ევროკომისიამ ახლახან ნულოვანი დაბინძურების წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა მიიღო. ნულოვან დაბინძურებაში, პირველ რიგში, დაბინძურების დონის დაწევას ვგულისხმობთ, რომ ამის გამო ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ეკოსისტემა აღარ დაზიანდეს. ეს მიზანი მართლაც ამბიციურია და დროს მოითხოვს. ამის განხორციელებას 2050 წლისთვის ვგეგმავთ, თუმცა სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე 2030 წლსითვის უნდა იყოს ჩატარებული. მაგალითად, როდესაც ზღვის პლასტმასის მიკრონაწილაკებით დაბინძურებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვგეგმავთ, რომ ამ დაბინძურების დონე 30 პროცენტით შევამციროთ და ამის გზებს ვეძებთ.

 
ჩემი აზრით, ეს პანდემია ყველასთვის კარგი გაკვეთილია, უნდა გამოვფხიზლდეთ და დავფიქრდეთ, რომ დროა, საქმე სხვაგვარად ვაკეთოთ.“

[br]თქვენ აღნიშნეთ, რომ პანდემია კარგი გაკვეთილია. ვიცით, რომ კარანტინის დროს ნახშირბადის გამონაბოლქვის მოცულობა შემცირდა, რადგან შემცირდა წარმოება, მანქანების რაოდენობა და ა.შ. მაგრამ რა გარანტია გვაქვს, რომ, როგორც კი ეს ამბავი  დასრულდება და ყველა აიცრება, განსაკუთრებით ევროპის ზოგიერთ ნაწილში,  ისევ ძველ მდგომარეობას არ დავუბრუნდებით. მაგალითად, მრეწველობასთან დაკავშირებით არავითარი ამბიცია არ ჩანს.

ვირგინიუს სინკევიჩიუსი,  ევროკომისარი გარემოს დაცვის, საზღვაო საქმეთა და მეთევზეობის საკითხებში:

„მართალი ბრძანდებით. თუ არაფერს გავაკეთებთ, ისევ დაბინძურების ძველი  მაჩვენებლები დაბრუნდება და შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან ამის ტენდენცია უკვე გამოიკვეთა. როგორც უკვე ვთქვი, გვაქვს ნულოვანი დაბინძურების სამოქმედო გეგმა, რომელიც სხვადასხვა სფეროს მოიცავს. მათ შორის აქცენტი სამ მთავარ სფეროზე გაკეთდება, ესენია ენერგეტიკა, ტრანსპორტი  და ქიმიკატები.  და როდესაც ვსაუბრობთ, მაგალითად, ტრასნპროტზე, მისი მართვა სხვადასხვა გზით შეიძლება.

უპირველეს ყოვლისა, მჭიდრო თანამშრომლობა უნდა დავამყაროთ თვითმმართველობებთან და მათ მთავრობასთან, გავაკონტროლოთ ინვესტიციები ტრანსპორტის სისტემაში, რომ იგი უფრო მიმზიდევლი გახდეს მოქალაქეებისთვის, რომ ინვესტიციები ჩაიდოს ისეთ მექანზიმებში, რომლებიც გადაადგილებას დაბალ დონეზეც მოაგვარებს. კომისია მზადაა, ასეთ საკითხებს მხარი დაუჭიროს. მაგრამ პრობლემას ყველაზე უკეთ, რასაკვირველია, საჯარო ფინანსები აგვარებს. ამ კუთხით ხაზი მინდა გავუსვა ჩვენი ეკონომიკის აღდგენის ფონდს, რომლის ფარგლებშიც თითოეული წევრი სახელმწიფო სოლიდურ თანხას მიიღებს, რომელიც სწორედ ეკონომიკის აღდგენასა და გაჯანსაღებაში უნდა ჩაიდოს.“

სანამ ეკონომიკის აღდგენის საკითხებზე გადავიდოდეთ, იქნებ, ორიოდე მაგალითი დაგვისახელოთ, რადგან ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია, როგორ შეიცვლება წარმოება ისე, რომ ნაკლები გამონაბოლქვი გაიფრქვეს გარემოში. ხომ არ უნდა ველოდოთ საკანონმდებლო ცვლილებებს, მაგალითად, მავნე ქიმიკატებისა და პესტიციდების ან  ავტომობილების წარმოებასთან დაკავშირებით.

ვირგინიუს სინკევიჩიუსი,  ევროკომისარი გარემოს დაცვის, საზღვაო საქმეთა და მეთევზეობის საკითხებში:

„თუ კონკრეტულად ქიმიკატებზე ვსაუბრობთ,  პირველ რიგში, მავნე ქიმიკატების ჩანაცვლებას ვგულისხმობთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარკვეულ პროდუქტებში მავნე ნივთიერების ჩანაცვლება შეუძლებელია. ასეც რომ იყოს, ჩვენ წავახალისებთ ინვესტიციებს კვლევასა და განვითარებაში, რომ ჩანაცვლება შესაძლებელი იყოს. თუმცა ჩვენი მიზანია, რომ მავნე ნივთიერებები სრულად ჩავანაცვლოთ ან ბაზრიდან ამოვიღოთ.

ისიც უნდა ითქვას, რომ ამ მიმართულებით კანონმდებლობაც ხარვეზიანია, რადგან გარკვეულ პროდუქტებში ქიმიკატები აკრძალულია, სხვებში კი – დაშვებული. არადა, ამ პროდუქტებზე  ხელი მიუწვდებათ ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს. არსებობენ  მაღალი რისკის მქონე ადამიანთა ჯგუფები, რომელთა დაცვაც პრიორიტეტულია. ამიტომ ქიმიკატების რეგულაციებს პირველ რიგში გადავხედავთ. თუმცა აუცლებელია მათ წარმოებაში ჩართულ ხალხთან მჭიდრო  კონტაქტიც. ისინიც აცნობიერებენ, რომ ცვლილებები გარდაუვალია, მაგრამ ისიც იციან, რომ  მეტი უპირატესობა ექნება იმას, ვინც პირველი ჩაერთვება კვლევა-ძიებაში.“

გარკვეული შიში იყო ბრექსიტთან, ასევე ევროკავშირისა და გარეთიანებული სამეფოს სავაჭრო გარიგებასთან დაკავშირებით, რომ დიდი ბრიტანეთი დაწევდა სტანდარტებს, რათა მეტი ბიზნესი მიეზიდა. დადგება თუ არა ევროკავშირი სტანდარტების სადარაჯოზე იმ შემთხვევაშიც, თუ ამას შედეგად ვაჭრობის შემცირება მოჰყვება?

ვირგინიუს სინკევიჩიუსი,  ევროკომისარი გარემოს დაცვის, საზღვაო საქმეთა და მეთევზეობის საკითხებში:

მე ვიტყოდი, რომ ჩვენი პირველობა აშკარაა  ამ კუთხით და ამ პოზიციას კიდევ გავაძლიერებთ. ახლა ვსაუბრობდით ქიმიკატებზე. კიდევ უამრავ სხვა სექტორს მივხედავთ. მაგალითად, სულ მალე, ზაფხულის არდადეგების შემდეგ, გაუტყეურებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი მთავარი ინიციატივის წარდგენას ვაპირებთ, რომლის ფარგლებშიც მიწოდების ჯაჭვის სრულ გაკონტროლებას ვაპირებთ, რომ გაუტყეურებას არცერთი პროდქუტი არ უკავშირდებოდეს. ეს ნამდვილი გარღვევა იქნება, რომელიც სტანდარტებს ერთი თავით აამაღლებს.

თქვენ ახსენეთ  ეკონომიკის აღდგენის ფონდი, რომელიც უპრცედენტოდ დიდ თანხებს მოიცავს.  ისიც ვიცით, რომ ე.წ. მწვანე შეთანხმება ამ ფულის ხარჯვასთან პირდაპირ კავშირში იქნება.  მაგრამ რა გარანტია გვაქვს, რომ  ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ამ ფონდიდან მიღებულ თანხებს ნამდვილად იმაში დახარჯავენ, რომ ძირეულად შეცვალონ მიდგომა ისეთი კონცეფციის მიმართ, როგორიცაა მდგრადი ფერმა, ან მდგრადი პროდუქცია და ინდუსტრია. რომ არ გაფლანგავენ ამ თანხებს, ამას ხომ ხშირად  აბრალებენ ევროკავშირს არასამთავრობო გარემოსდამცველები?

ვირგინიუს სინკევიჩიუსი,  ევროკომისარი გარემოს დაცვის, საზღვაო საქმეთა და მეთევზეობის საკითხებში:

„პირველ რიგში, არასამთავრობო გარემოსდამცველები და ზოგადად არასამთავრობო სექტორი ყურადღებით ადევნებენ თვალს ეკონომიკის აღდგენის გეგმებს, რომლებიც წევრ სახელმწიფოებს ჯერ კიდევ შემოაქვთ. თუმცა თავის წევრებთან ევროკომისიაც მჭიდროდ თანამშრომლობს. ჩვენი მიზანია, რომ ამ თანხის 37 პროცენტი კლიმატის მიმართულებით დაიხარჯოს, როგორც ეს გაწერილია.

ჩვენ გვაქვს ექვსი კონკრეტული მეთოდი, რომლებითაც ამ გეგმებს დავაკვირდებით. გარდა ამისა, ჩვენი წევრი სახელმწიფოებიც შეთანხმდნენ, რომ გეგმაში ჩადებულ პრინციპს მნიშვნელოვნად არ გადაუხვევენ და ყველა პროექტში დაიცავენ მათ, და არ მოხდება ისე, რომ ერთი ნაბიჯი წინ გადავდგათ და ორი უკან. მათი გეგმები ემსახურება  ჩვენს საერთო მიზანს, რომელიც გაციფრულებასა და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას გულისხმობს.“

ავტორი: შონა მარი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend