რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები უკან იხევენ და მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე გამაგრდებიან.
გადაწყვეტილება კრემლის სამხედრო კოლაფსის კიდევ ერთი დასტურია.
ხერსონიდან უკან დახევა რუსული ომის რიტორიკისთვის უდიდესი დარტყმაა, დარტყმაა პირადად ვლადიმერ პუტინისთვის, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ რეგიონი რუსეთის ტერიტორიად გამოცხადება საზეიმოდაც აღნიშნა.
ხერსონიდან საოკუპაციო ჯარების გასხვლას მსოფლიო ლიდერებიც გამოეხმაურნენ.
ჯო ბაიდენი ფიქრობს, რომ მოსკოვი ელოდებოდა ამერიკის არჩევნების შედეგებს და წარუმატებლობა მხოლოდ მაშინ აღიარა, როდესაც მიხვდა, რომ ამ არჩევნებმა მათი მოლოდინი ვერ გაამართლა.
“შემდეგი ნაბიჯების გადადგმამდე რუსული მხარე ჩვენი შუალედური არჩევნების დასრულებას ელოდა. გარკვეული ხანია ეს ვიცოდით და ეს იმის დასტურია რომ მათ დიდი პრობლემები აქვთ, რუსეთის ფედერაციასა და რუსულ არმიას“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
უკრაინაში კი ამბობენ, რომ ოკუპანტების გასვლა ხერსონიდან მათი კეთილი ნება არ იყო და, არც ზრუნვა საკუთარ ჯარისკაცებსა თუ მოსახლეობაზე.
“ყველამ უნდა გაიგოს: არავინ უკან არ იხევს თუ ამის საჭიროება არ არსებობს. მტერი საჩუქარს არ გვჩუქნის და კეთილი ნებით არ მოქმედებს. ჩვენ ამისათვის სისხლს ვღვრით. და როდესაც იბრძვი მტერი ცდილობს, წინააღმდეგობის გაწევას. ეს კი ჩვენი სამხედროების სიცოცხლის და გმირობის ფასად ჯდება. გამომდინარე აქედან, ჩვენ ვმოქმედებთ ფრთხილად, ემოციების გარეშე. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი ტერიტორიები მინიმალური დანაკარგის ფასად დავიბრუნოთ და სწორედ ასე, ჩვენ გავათავისუფლებთ ხერსონს, კახოვკას, დონეცკს და უკრაინის სხვა ქალაქებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვის დროს.