მთავარი ევროპა უკრაინა აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების კონცენტრაცია გრძელდება

აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების კონცენტრაცია გრძელდება

შავი ზღვაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ფლოტის კიდევ სამი სადესანტო ხომალდი შემოვიდა, საერთო ჯამში მოსკოვმა შავ ზღვაში ექვს ხომალდს მოუყარა თავი. კიევში შიშობენ, რომ უკრაინაზე რუსული თავდასხმა სწორედ შავი ზღვის სანაპიროებიდან დაიწყება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება  აცხადებს, რომ მოსკოვს დასავლეთმა მინსკის შეთანხმების დარღვევისათვის დამატებითი სანქციები უნდა დაუწესოს. უკრაინელი მინისტრი მოსკოვს ოკუპირებული დონბასის რეგიონში რუსული პასპორტების დარიგებაშიც ადანაშაულებს.

”ვითარება დაძაბულია, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება. დიპლომატიის გზით განვაგრძობთ კრიზისის განმუხტვისთვის მუშაობას. აუცილებელია, რომ ყველამ კარგად გაიგოს ეს არამხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებას ეხება“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.

ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მეორე საკავალერიო ბრიგადა კი რუმინეთში გამგზავრებისათვის ემზადება. ბრიგადის მეთაურის ჯო ევერსის თქმით, სამხედრო ნაწილის აღმოსავლეთ ევროპაში გადასროლა ვაშინგტონის მიერ ნატოს ინტერესების დაცვის მაგალითია.

”ჩვენი ჯარისკაცები კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებებისადმი ერთგულებასა და თავდადებას. ჩვენი ჯარისკაცები აპირებენ მასპინძელი სახელმწიფოს არმიასთან აქტიურ თანამშრომლობას. ჩვენ გავივლით რეალურ და მძიმე წვრთნას. ამ გზით სხვადასხვა შენაერთებს შორის თავსებადობის ხარისხი მოიმატებს”, – მიიჩნევს აშშ – ის არმიის მეორე საკავალერიო ბრიგადის მეთაური ჯო ევერსი.

ვაშინგტონი აღმოსავლეთ ევროპაში ამ ეტაპზე ნატოს წევრი სახელმწიფოების, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, პოლონეთისა და რუმინეთის ტერიტორიაზე საერთო ჯამში 3 ათას ჯარისკაცს გადაისვრის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები კი ავრცელებენ ვიდეო მასალას, რომელშიც ბელარუსის ტერიტორიაზე ს 400 ტიპის სარაკეტო სისტემების გადასროლაა აღბეჭდილი.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend