მთავარისაქართველორუსეთის დუმის დეპუტატმა საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანა გამორიცხა

რუსეთის დუმის დეპუტატმა საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანა გამორიცხა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომელიც მოსკოვის მზაობას ითვალისწინებს, ერთმანეთთან შეარიგოს თბილისი, ცხინვალი და სოხუმი, ეხმაურება რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი. რუსი პოლიტიკოსის განმარტებით, თბილისში სერგეი ლავროვის პოზიცია არასწორი ინტერპრეტაციით გაიგეს და კრემლი არც საქართველოსთვის დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებას და არც ამ ტერიტორიებიდან სამხედრო შენაერთების გაყვანას აპირებს. კონსტანტინ ზატულინი მიიჩნევს, რომ საქართველოში უნდა „აღიარონ რეალობა, ჩამოაყალიბონ გარკვეული რეალური ურთიერთქმედების ფორმები სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფარგლებში“.

„განა დაახლოება რუსული ჯარების გაყვანას გულისხმობს? ჩვენ გვაქვს შეთანხმებები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო საკითხებზე და ა.შ. არავინ განიხილავს ამ საკითხს, ლავროვმა თქვა, რაც თქვა, ჯარების გაყვანას არ გულისხმობდა. საუბარია იმაზე, რომ აუცილებელია აფხაზეთში, ოსეთსა და საქართველოში არსებული რეალობა აღიარონ, საჭიროა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფარგლებში რაიმე სახის რეალური ურთიერთქმედების ფორმების ჩამოყალიბება. ლავროვის სიტყვები არ უნდა გავიგოთ, როგორც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებით რუსეთის დაინტერესება. ეს კითხვა დიდი ხანია გაქრა. თუ ისინი ერთმანეთთან ეკონომიკურ და საქმიან ურთიერთობას დაამყარებენ, ეს ყოველთვის დადებითი იქნება“, – განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინ ზატულინმა.

29 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ კრემლი მზადაა, თბილისს უშუამდგომლოს ცხინვალსა და სოხუმთან შერიგების პროცესში, თუკი საპასუხოდ საქართველოს მხრიდან თავდაუსხმელობის აქტზე ხელის მოწერის მზაობა იქნება. სერგეი ლავროვის განცხადება მოგვიანებით მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ „პოზიტიურ გზავნილად შეფასდა“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend